„უბრალო გრუნტი მაინც ჩაყარეთ „იამებში" - რა გამოწვევების წინაშეა საერთაშორისო საავტომობილო გზები საქართველოში

მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო საავტომობილო გზები გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების მოლოდინშია. ამის შესახებ ანალიზს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქის რეგიონში დროში გაჭიანურებული და დაუსრულებელი საგზაო პროექტები, სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილების სირთულეებს ქმნის, რაც პირველ რიგში, სატრანზიტო გადაზიდვებზე ნეგატიურად აისახება.

TCRC აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია სწრაფი რეაგირება და გადაუდებელი აღდგენითი ღონისძიებების გატარება.

როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" აღნიშნავს, ასევე, სავალალო მდგომარეობა ფიქსირდება სომხეთთან დამაკავშირებელ საერთაშორისო მნიშვნელობის ნინოწმინდა – ბავრას სასაზღვრო გამშვებ პუნქტისკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით.

„ერთ ლარს თუ ვშოულობთ, ათ ლარს მანქანის შეკეთებაში ვხარჯავთ“

აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტი“ სატვირთოს მძღოლების განცხადებებსაც ავრცელებს:

„დღეს გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ თუ ერთ ლარს ვშოულობთ, ათ ლარს მანქანის შეკეთებაში ვხარჯავთ. დღე ისე არ გადის, რომ დანიშნულების ადგილზე ტვირთის დაზიანებით არ მივიდეთ“.

სოციალურ ქსელში ერთ – ერთი მძღოლის განცხადების ამონარიდი – „სავალალო მდგომარეობაა ნინოწმინდის მიმართულებით, ყოველ გავლაზე გზით სარგებლობის საფასურის სახით ვიხდით 350 ლარს და გამოსავალი არ ჩანს, ამ გზაზე, რომ სატრანსპორტო საშუალება გაივლის, თანხა როგორ უნდა გადაახდევინო ? ან რას ხმარდება ეს თანხა? დღე – ღამეში მინიმუმ 200 სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, თანხას ხომ იხდიან, ან უბრალო გრუნტი მაინც ჩაყარეთ „იამებში", საზღვარს გადახვალ სომხეთის მხარეს იდეალური გზაა, აქეთ გადმოხვალ ჯოჯოხეთია – სამი წლის წინ კი პირიქით იყო”.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აღნიშნავს, რომ არანაკლებად სავალალო მდგომარეობაა, თურქეთის დამაკავშირებელ სახელმწიფოთაშორის ახალქალაქი – კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც.

„უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების შემდგომ, ახალქალაქი – კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თურქეთ – საქართველოს საზღვართან მისასვლელად სატვირთო ავტოტრანსპორტს დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გადალახვა უწევს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ორმოების თავის ასარიდებლად საპირისპიროდ მოძრავი მანქანები ერთმანეთს გზას უთმობენ.

ახალქალაქი – კარწახის სახელმწიფოთაშორისი ორ კილომეტრიანი მონაკვეთი, ახალი ასფალტის ფენის დაგების მიზნით, ძველი ასფალტის საფარისგან ერთი თვის წინ გაიწმინდა, ადგილობრივების განმარტებით ამ დრომდე არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა.

იქ მცხოვრები ადამიანები იხსენებენ, რომ იმავე მონაკვეთზე მსგავსი სარემონტო სამუშაოები გასული წლის შემოდგომაზეც დაიწყო, თუმცა, მათი თქმით, დაუმთავრებელი დარჩა და სიტუაცია ერთი წლის შემდეგაც მეორდება.

მოსახლეობა მტვრის პრობლემაზეც მიუთითებს. გზის დაუმთავრებელი მშენებლობის გამო, გზიდან ავარდნილი მტვერი სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ადგილობრივების კითხვაზე თუ როდის განახლდება სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანიამ ბიუროკრატიული განმარტება გააკეთა – „შეკვეთის მიღების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავუგზავნეთ სათანადო პირობები პროფესიონალთა ჯგუფს მოსამზადებელი ეტაპის განსახორციელებლად. ადგილზე შესწავლილი იქნა გზის მდგომარეობა, შედგენილი იქნა ტექნიკური მონაცემები. უახლოეს დღეებში გაიგზავნება პერსონალი და სამშენებლო ტექნიკა სამუშაოების დაწყებას შეუდგება“,- აღნიშნულია TCRC-ს მიერ მომზადებულ ანალიზში.

ნინი ქეთელაური