ENPARD-მა საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა

ENPARD-მა საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა. ეს არის მესამე გამოცემა, სადაც საუბარია განხორციელებულ პროგრამებზე.

"რამდენად შეძლო საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან შეთანხმებული პირობების შესრულება და აგრო სფეროს ხელშეწყობა, როგორ ხორციელდება ENPARD-ის პროგრამა, ეს სამ წევრიანმა დამოუკიდებელმა კომისიამ 2015 წლის მაისში შეაფასა. კარგი ამბავიც უკვე გვაქვს - დასკვნის თანახმად, ამ ეტაპზე, ENPARD- მა სრულად მიაღწია ყველა დასახულ მიზანს, ცალკეულ შემთხვევებში გადაჭარბებითაც კი. ამდენად, კომისიის დასკვნით, ევროკავშირმა უნდა გამოჰყოს მომდევნო 8 მილიონი ევრო პროგრამის გასაგრძელებლად.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო ფინანსური მართვის სისტემის (PFM) გამჭვირვალობა და სოფლის მეურნეობაში ერთიანი სამთავრობო სტრატეგიის შექმნა - ეს იყო ის სამი უმთავრესი პირობა, რომელიც ENPARD- ის საბიუჯეტო დახმარების ნაწილში თავიდანვე მიზნად დაისახა. ამ სამივე მიმართულებით, შემფასებელთა ჯგუფმა საუკეთესო შედეგები გამოავლინა. სწორედ მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და საჯარო ფინანსური მართვის სისტემის გამართულობამ განაპირობა საბიუჯეტო დახმარება და მთავრობის აგრო-სტრატეგიაც საამისოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო", -ნათქვამია ENPARD-ის ინფორმაციაში.

ასევე აღნიშნულია, რომ დასახულ მიზნებს ENPARD-მა სხვა კომპონენტებშიც მიაღწია. "2015 წლის 19 მაისისთვის 888 აგრო-კოოპერატივმა გაიარა რეგისტრაცია, რაც დაგეგმილ ციფრთან, 50-თან შედარებით მკაფიო სხვაობაა. მათგან ოთხი "მეორე დონის" კოოპერატივია, ფერმერულ კოოპერატივზე მაღალი რანგის ღირებულებათა ჯაჭვი, და კოოპერატივთა რიცხვიც მუდმივად მზარდია. გადაჭარბებით შეასრულა ENPARD-მა სხვა არაერთი გეგმაც. ერთი ასეთი გეგმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტი რაიონული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი უნდა უწევდეს კონსულტაციას მცირე ფერმერებს, ფაქტობრივად კი ცენტრების რიცხვი 54-ია, მათგან 9 რეგიონული მასშტაბით მუშაობს. კომისიის შეფასებით, თითოეული საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. შედეგად, 250,000-მა ფერმერმა (საერთო რაოდენობის 30-40%) პირდაპირ თუ ირიბად მიიღო საჭირო ინფორმაცია ამ ცენტრებიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქსელი 2013 წელს შეიქმნა, ეს უთუოდ მნიშვნელოვანი შედეგია", -აცხადებენ ENPARD-ში.