„როგორც ჩანს, ვირტუალური ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტში, თუნდაც 6 თვის საგადასახადო გეგმის 100,09%-ით შესრულებისთვის, „ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზება სჭირდება“,- ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, სხვა გაუარესებული პარამეტრების პარალელურად, ის ფაქტი, რომ „ბიუჯეტში ფული აღარ არის“, პრინციპულად ახალი რეალობის წინაშე დააყენებს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, მის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებს.
უფრო კონრეტულად, გოგა ხიშტოვანის აღნიშნავს, რომ რაიმეს დაბეჯითებით მტკიცება რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, ხდება სამობილიზაციო რეჟიმის გამოცხადება და შემდეგ, დაჩქარებული წესით, კერძო ბიზნესის და სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიების გადასახადების გადახდისკენ „წახალისება“.
„ბიზნესპრესნიუსი“ გოგა ხიშტოვანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ოპერაცია: როგორ შევასრულოთ 2025 წლის 6 თვის საბიუჯეტო საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით
იმისათვის, რომ საქართველოში 2025 წლის 6 თვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა შესრულებულიყო, წინა წლის 6 თვესთან შედარებით უნდა აკრეფილიყო ნომინალურად 6,4%-ით მეტი გადასახადი; ანუ, ჯამში 12,281 მილიარდი ლარი უნდა შეგროვებულიყო. წელს 5 თვის შედეგების მიხედვით, ზრდა 4,7% იყო. ეს გარემოება დავალებას საკმაოდ ართულებდა.
ამ რთული დავალების შესასრულებლად, ქართულმა ოცნებამ სერიოზული ტრანსფერი განახორციელა და პარლამენტიდან საშემოსავლო სამსახურის უფროსად ბატონი ირაკლი ბერაია გადაისროლა.
მაგრამ, როგორც ჩანს, სტრატეგია მხოლოდ შემსრულებლის შეცვლას გულისხმობდა; არსებული პრაქტიკა, ანუ ტაქტიკური სქემა, რომელიც ე.წ. სხვა გადასახადების ხარჯზე გეგმის შესრულებას გულისხმობს, იგივე დარჩა. ახლა, კონკრეტულად როგორ წარიმართა პროცესი:
საბოლოოდ, 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები, წინა წლის 6 თვესთან შედარებით გაიზარდა ნომინალში 7,4%-ით და გეგმაც, 100,09%-ით შესრულდა (ყველას გილოცავთ! სამწუხაროდ, მეტი არ გამოვიდა და ჩემი აზრით, ეს უნდა ვაპატიოთ ახალ მენეჯმენტს; მაინც, პირველი გამოცდილება იყო და დარწმუნებული ვარ, 9 თვის გეგმის შესრულება უფრო გაუმარტივდებათ და შედეგებიც, უკეთესი იქნება).
ახლა, ცოტა სერიოზულად; რაიმეს დაბეჯითებით მტკიცება ჭირს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გეგმების შესრულების ვაი-პრაქტიკას ღრმა ფესვებია აქვს გადგმული საქართველოს მმართველობის სისტემაში. სავარაუდოდ, ხდება სამობილიზაციო რეჟიმის გამოცხადება და შემდეგ, დაჩქარებული წესით, კერძო ბიზნესის და სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიების გადასახადების გადახდისკენ „წახალისება“. ამ მავნე პრაქტიკას სჭირდება თუნდაც ერთი კომპანია, რომელიც მასზე საჯაროდ ილაპარაკებს. სხვა შემთხვევაში, სულ ამ „5-წლიანი გეგმების 4 წელიწადში შესრულების“ რეჟიმში დავრჩებით.
ახლა, უფრო სერიოზულად: როგორც ჩანს, ვირტუალური ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტში, თუნდაც 6 თვის საგადასახადო გეგმის 100,09%-ით შესრულებისთვის, ქართულ ოცნებას სრული მობილიზება სჭირდება. ვფიქრობ, რომ სხვა გაუარესებული პარამეტრების პარალელურად, ის ფაქტი, რომ „ბიუჯეტში ფული აღარ არის“, პრინციპულად ახალი რეალობის წინაშე დააყენებს ქართულ ოცნებას, შესაბამისად, მის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებს“,- წერს გოგა ხიშტოვანი.