„არანაირ პრობლემას არ ვაწყდებით - როცა უხვი ნალექი მოდის, ყველგან შეიძლება დაზიანდეს გზა, თუშეთი იქნება ეს თუ გლდანი“

უამინდობის პარალელურად, მაღალმთიანი ტურისტული ზონებისკენ გადაადგილება შეფერხებულია. მეტიც, თუშეთისკენ გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. კერძოდ, გადაადგილების პრობლემა შეიქმნა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, ამის მიზეზი კი რამდენიმე მონაკვეთზე მიწის ჩამოშლა გახდა.

როგორც ცნობილია, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა უამინდობის გამო მხოლოდ პერიოდულად ახერხებს მუშაობას. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში იყვნენ ჩარჩენილი, მათ გამოსაყვანად სამაშველო სამსახურისა და სხვა უწყებების დახმარება გახდა საჭირო.

პრობლემები შეიქმნა ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზეც, სადაც ასევე მიწა ჩამოიშალა. შედეგად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელი გიორგიწმინდა) დროებით შეიზღუდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

იმ ფონზე, რომ ტურისტულ სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, ქმნის თუ არა გზებსა და ბილიკებზე შექმნილი ვითარება პრობლემებს, ტურისტულ სააგენტო „თრეველ მენში“ აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემები უამინდობის პარალელურად ჩვეულებრივ მოვლენაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„მიმდინარე სეზონზე მსგავსი პრობლემა პირველად შეიქმნა. ორი თვე ნაწვიმარი არ იყო მთაში და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ასეთი წვიმები ბოლო წლებია არ ყოფილაო. აქედან გამომდინარე, მსგავს ნალექს ვერაფერი გაუძლებდა.

რაც შეეხება გასულ სეზონებს, მაგალითად, თუშეთში იცით, რომ ტენდერია გამოცხადებული, ტექნიკაც შეყვანილია და დაახლოებით, 2 წელია აქტიურად მუშაობენ. გზები გაფართოებულია, მოწესრიგებულია და პირველი რეკორდიც დაფიქსირდა, „ტოიოტა პრიუსი“ ავიდა თუშეთში. უბრალოდ პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.

როცა ამხელა ნალექი მოდის, მაღალმთიან ადგილებზე კი არა, თბილისში გლდანში რაც მოხდა, გემახსოვრებათ. კანალიზაციაში წყალი ვერ გავიდა და დაიტბორა მთელი გლდანი. ახლა, თუშეთში თუ წყალი გადმოვიდა გზაზე, ეს არ არის პრობლემა“,- ამბობენ „თრეველ მენში“.

კითხვაზე, სამთო ტურიზმის მხრივ, არის თუ არა გამოწვევები ქვეყანაში, კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი არანაირ პრობლემას არ აწყდებიან.

„როცა უხვი ნალექი მოდის ყველგან შეიძლება დაზიანდეს გზა, თუშეთი იქნება ეს, თუ გლდანი. რაც შეეხება ბილიკებს და სხვა ინფრასტრუქტურას, სადაც ოფიციალური ბილიკებია, ძირითადად ყველგან მარკირებულია. მთაში როდესაც მივდივართ, არანაირ პრობლემას არ ვაწყდებით,“ - ამბობენ „თრეველ მენში“.

ნინი ქეთელაური