„აზრები გავცვალეთ პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან - ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა რაც სასიამოვნოა“ - ირაკლი კვერღელიძე

„რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი?“ - ამ კითხვით მიუბრუნდა „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ჟურნალისტებთან, რომლებიც დაინტერესდნენ იყო თუ არა საუბარი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ამ საკითხზე.

„რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი? ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რაზეც აზრები გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც სასიამოვნოა. მიხარია, ის რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდასა და წახალისებაზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება ინიციატივებს, იყო ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორში, დეველოპმენტის, ტრანსპორტის სექტორში, მომსახურების სფეროში. საკმაოდ ბევრია და ცალკეულად საუბარი გამიჭირდება. პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციების შემოტანისთვის ქვეყანაში,“ - აღნიშნა კვერღელიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან მსგავსი შეხვედრა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსაც გამართა.

ირაკლი ფოფხაძე