2025 წლის მაისში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 39 საჩივარი დაიწერა, ხოლო იანვარ-მაისის ჩათვლით - 259. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს მაისში შესული საჩივრიდან 33 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 6 - სალომბარდე სესხს.
რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, აღნიშნული საჩივრებიდან 29 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 5 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, ხოლო 5 სხვა სახის საჩივრებზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 38-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო 1-ის შემთხვევაში პრეტენზიასთან დაკავშირებული განხილვა არ არის დასრულებული.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე სესხის გამცემი 164 სუბიექტი ოპერირებს.