„ჩემი ამ წამოწყების ამოსავალი წერტილი ზუსტადაც იყო ის, რომ ჩემი თანამოქალაქეებისთვის ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები შემეთავაზებინა. ამიტომაც, მცენარის მოვლას, ზრდის პროცესს, მოყვანასა და დამუშავებას დიდი ყურადღება ეთმობა“, - „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელმა, ნიკა ბაგალიშვილმა განაცხადა.
„სამყურამ“ აპრილში დედაქალაქში თავისი პირველი მაღაზია გახსნა. ბაგალიშვილის თქმით, ადგილზე ბევრი სრულიად უცხო ბიოკულტურა იყიდება და ზოგ მათგანზე განსაკუთრებული მოთხოვნაა.
„დედაქალაქში ეს ჩვენი პირველი ობიექტია და მინდა გითხრათ, რომ პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, პროდუქტები წნორში მოგვყავს, ოთხშაბათსა და შაბათს კი ჩვენს ქავთარაძის ფილიალს ახალ-ახალი ბოსტნეულით ვამარაგებთ.
ტრადიციული და ყველასთვის ცნობილი კულტურების გარდა, ამჟამად გვაქვს წითელი დოლის პური, მანგოლდი, ცეხვილის ფქვილი, ჭვავის ცეხვილი, ქოთნის ბარამბო, ქოთნის პიტნა, ქოთნის ბაზილიკი, იასამნისფერი კარტოფილი და ა.შ.
მაგალითად, იასამნისფერი კარტოფილი, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცხო კულტურაა, ძალიან მოთხოვნადია, რასაც მისი თვისებები და შემცველობა განაპირობებს. ჩვეულებრივი კარტოფილისგან განსხვავებით, შეიცავს ცილებსა და ისეთ ნივთიერებებს, რომელთა მეშვეობითაც სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის. ასევე, გვაქვს ბატატი, რომლის შესახებაც გაცილებით მეტია ცნობილი, ვიდრე იასამნისფერი კარტოფილის. ისიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა.
ზოგადად, ჩემი ამ წამოწყების ამოსავალი წერტილი ზუსტადაც იყო ის, რომ ჩემი თანამოქალაქეებისთვის ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები შემეთავაზებინა. ამიტომაც, თითოეული მცენარის მოვლას, ზრდის პროცესს, მოყვანასა და დამუშავებას დიდი ყურადღება ეთმობა“, - აღნიშნა ბაგალიშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“.