„ქვეითებთან მიმართებით, კანონების დახვეწა-დარეგულირებასა და თუნდაც სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებას, მივესალმებით. ბევრი ქვეითი მოძრაობს ისე, რომ საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე სხვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი, გიორგი ჯაფარიძე საუბრობს.
მისი შეფასებით, ჯარიმების გამკაცრებასთან ერთად, აღსრულების ნაწილიც კიდევ უფრო აქტიურად და ქმედითაც უნდა ამუშავდეს.
„ქვეითებთან მიმართებით, კანონების დახვეწა-დარეგულირებასა და თუნდაც სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებას, მივესალმებით. ჩვენს გვერდს ამასთან დაკავშირებით კამპანიაც ჰქონდა. ბევრი ქვეითი მოძრაობს ისე, რომ საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე სხვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ცხადია, მისასალმებელი წამოწყებაა, თუმცა მთავარია, ეს ყველაფერი სწორად და სათანადოდ აღსრულდეს“.
ჯაფარიძე შეფასებებს აკეთებს ე.წ. დრიფტის შესაძლო აკრძალვასა და საგზაო წესების დამრღვევი ქვეითებისთვის ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდაზე.
„ე.წ დრიფტის აკრძალვის კუთხით, გასაგებია და ვეთანხმებით, რომ დასახლებულ პუნქტებში ასეთი აქტივობები არ უნდა იყოს და კანონის ამ მიმართულებით განვითარება ნამდვილად დადებითად შესაფასებელი ნაბიჯია. მეორე მხრივ, თუკი ადამიანს აქვს ინტერესი, რატომ არ უნდა შეეძლოს სოციუმისგან მოშორებულ ადგილას ამ პროცესით დაკავება ისე რომ არავინ შეაწუხოს?!
ამ შემთხვევაში, სამწუხარო სწორედ ისაა, რომ ამას ხშირად დასახლებულ პუნქტებში აკეთებენ, რაც ბევრი სხვა ადამიანისთვის დისკომფორტის გამომწვევია. სიახლე არავისთვისაა, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ამაზე საკმაოდ მკაცრი რეგულაციები არსებობს და აღსრულებითი ნაწილიც ზედმიწევნით თანმიმდევრულად ხდება. კარგი იქნება, ჩვენთანაც ნელ-ნელა ასე მოხდეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.