რუსეთმა შესაძლოა, იმ ქვეყნების სია გააფართოვოს, ვისაც ემბარგოს დაუწესებს

მთავრობის სხდომაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ინფორმაციის გადამოწმება დაავალა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე არ მონაწილეობდა ანტირუსულ სანქციებში, შეუერთდა ამ სანქციებს და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, განახორციელოს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება.

"უნდა დავამუშავოთ ეს საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ მართლაც მიღებულია ასეთი გადაწყვეტილებები, უნდა მომზადდეს პრეზიდენტისადმი მიმართვა ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ასეთი ქვეყნების დამატების თაობაზე", - განაცხადა მედვედევმა. მანვე დააკონკრეტა, რომ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც მანამდე მხარს არ უჭერდნენ ანტირუსულ სანქციებს და, შესაბამისად, რუსეთი მათ მიმართ საპასუხო ზომებს არ ახორციელებდა.