"როსპოტრებნადზორმა" ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი დაიწუნა

ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" "როსპოტრებნადზორში" განუცხადეს.

"ხარისხის ანალიზი და მოწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს გამოშვებულ პროდუქციაზე როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოების მიერ", - განაცხადეს რუსეთის სანიტარული უწყების პრესსამსახურში.

უწყების ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.