სემეკ-ში "თელასის" სატარიფო განაცხადის წინასწარი განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში "თელასის" სატარიფო განაცხადის წინასწარი განხილვა მიმდინარეობს.

როგორც განხილვის დაწყებამდე, სემეკი-ს წევრმა გოჩა შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სემეკ-ში "თელასის" განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება. მისივე თქმით, დანაკარგების კომპონენტი ერთ-ერთი შემადგენელია ტარიფის, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ტარიფში.  "დღეს ტარიფში ეს კომპონენტი იყო დაახლოებით 10%, თუმცა ეს მცირდება დაახლოებით 5%-მდე", - განაცხადა შონიამ.

მისივე თქმით, სემეკ-მა განაცხადა, რომ ტარიფის დადგენისას იქნება ღია. დღეს იწყება ამ კომპონენტების საჯარო განხილვა და გოჩა შონიამ სურვილი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული როგორც საზოგადოება, ასევე საექსპერტო წრეები. მისივე თქმით, კომისიამ შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია დანაკრგების დადგენისა. ეს მეთოდოლოგია აპრობირებული იყო "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" მიმართებაში და ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ევროპელებიც იყენებენ.  "ამჟამად საუბარია "თელასზე". იმდენად რამდენადაც "თელასის" ტარიფში, რა თქმა უნდა, მონაწილეობს ნორმატიული დანაკრაგები. ის ტარიფი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, რამდენიმე წლის წინ იყო დადგენილი, შესაბამისად ამ პერიოდში კომპანიამ განახორციელა გარკვეული რაოდენობის ინვესტიცია და ამჟამად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალი მეთოდოლოგიით მოხდეს ახალი ტარიფის დადგენა", - განაცხადა შონიამ.

კითხვაზე, ითხოვს თუ არა "თელასი" ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას 5-6 თეთრით და ასახული არის თუ არა ის სატარიფო განაცხადში, გოჩა შონიამ აღნიშნა, რომ კომპანიამ შემოიტანა სატარიფო განაცხადი, თუმცა ამ მოთხოვნაში არ არის დაფიქსირებული, თუ რამდენით ითხოვს ის გაზრდას. კითხვაზე როდის მოხდება "თელასის" ტარიფის დადგენა, გოჩა შონიამ აღნიშნა, რომ ამისთვის კომისიას აქვს 150-დღიანი ვადა და მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 18 დეკემბერი. თუმცა, შონია ვარაუდობს, რომ კომისიას მაქსიმალური 150-დღიანი ვადის გამოყენება არ დასჭირდება.

სხდომა სემეკ-ში ცოტა ხნის წინ დაიწყო, მას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე სხდომაზე ესწრება "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.