ოლიმპიური ფესტივალისთვის დახარჯული ათობით მილიონი - ხარჯები და თბილისის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი

ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა. ამ ღონისძიებისთვის აგებული და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის გამოყენება კი სხვადასხვა მიზნით იგეგმება. რა ობიექტები აშენდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, რა თანხები დაჯდა და ვინ მიიღო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაში მონაწილეობა? AMBEBI.GE იმ უწყებების სამუშაოებით დაინტერესდა, რომლებიც ღონისძიების მომზადებაში იყვნენ ჩართული.

ფესტივალის მასპინძლობისთვის ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. "ოლიმპიური ფესტივალის" საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშენდა: 7 ახალი ევროპული სტანდარტების არენა, მათ შორისაა ტანვარჯიშის არენა,  მძლეოსნობის ახალი სტადიონი, ფრენბურთის ორი დარბაზი, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები და სპორტის ახალი სასახლე მაღლივის ტერიტორიაზე. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 საშეჯიბრო და 5 სატრენინგო ობიექტს. მათ შორისაა ბელიაშვილის 5 ნომერში მდებარე ძიუდოს აკადემია და ვერის საკალათბურთო დარბაზი. საბოლოო ჯამში, ოლიმპიური სოფლის ჩათვლით ფესტივალს 11-მა ობიექტმა უმასპინძლა.

სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვასა და აშენებაში მონაწილეობა თბილისის მერიამ და სპორტის სამინისტრომ მიიღო. სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანია "სპორტმშენსერვისმა" ორი ობიექტის - სპორტის ახალი სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა უზრუნველყო:  "34 მილიონი გამოიყო მთლიანად. ეს ორი ობიექტი ამ ოლიმპიადის მასპინძლობისთვის აშენდა. თუმცა, ისინი მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეს არის ორი უნიკალური ობიექტი, მსგავსი საქართველოში არ აშენებულა 60-70 წელია", - აღნიშნა "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა, ლევან ტარყაშვილმა.

რაც შეეხება მერიას, ოლიმპიური ფესტივალისთვის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაში დედაქალაქის მთავრობის სხვადასხვა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა

. სპორტის სამსახურმა რამდენიმე სპორტული ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაცია უზრუნველყო, ესენია: ფრენბურთის დარბაზი, მძლეოსნობის არენა, "დინამო არენა"-ს სარბენი ბილიკი და სხვა. აღნიშნულმა სამსახურმა ასევე გაიღო კომიტეტის საორგანიზაციო და ოლიმპიადის პოპულარიზაციის ხარჯები. როგორც მერიის სპორტის სამსახურის პრესსამსახურში გვაცნობეს, მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 64 867 176 ლარი, თუმცა, აღნიშნული თანხა არ არის საბოლოო, ვინაიდან საორგანიზაციო კომიტეტს თანხების საბოლოო ჯამი ჯერ არ წარუდგენია. მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა კი ლანდშაფტური დიზაინის და სანიაღვრეების მოწყობა უზრუნველყო. ამისთვის კი დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ოლიმპიადის გამართვის მთავარი ობიექტი "ოლიმპიური სოფელი" ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" ინვესტირებით აშენდა. ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და აერთიანებს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას.  "მთლიანად პროექტის მოცულობა უკვე 181 მილიონ დოლარს მოიცავს. ოლიმპიური სოფლის გარდა, საგზაო კომუნიკაციებიც ჩვენ ავაშენეთ. მათ შორის, ვაზისუბანი-თბილისის ზღვის და ვაზისუბანი-ვარკეთილის შემაერთებელი გზები", - აღნიშნა "ჰუალინგ ჯგუფის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თინათინ შიშინაშვილმა.

კორპუსების ნაწილი, რომელიც "ოლიმპიურ სოფელში" ფესტივალის სტუმრებს მასპინძლობდა, დევნილებს გადაეცემა

. თინათინ შიშინაშვილის თქმით, დევნილთა სამინისტრომ უკვე შეიძინა რვა კორპუსი არაკომერციულ ფასად: "რაც შეეხება დანარჩენ კორპუსებს, ისინი იყიდება. ეს იყო დეველოპერული პროექტი. იგი გათვლილია სამომავლო განვითარებაზე. აქ მომავალში იქნება სხვადასხვა საცხოვრებელი და კომერციული ზონა. ასევე შენდება ამიერკავკასიაში ყველზე დიდი სავაჭრო ცენტრი".

ოლიმპიური ფესტივალისათვის აშენებული სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალება მომავალში სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებს ექნებათ. ისინი მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ თბილისმა მომავალში სხვა საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებებსაც უმასპინძლოს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE