ხალხი ტანსაცმლის ყიდვას თავს არიდებს

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ტანსაცმლის ბიზნესსაც დაარტყა. როგორც ყველა პროდუქტზე, ასევე ტანისამოსზეც მყიდველთა აქტივობა მკვეთრად შემცირდა. მოსახლეობა თანხის დახარჯვას პირველადი მოხმარების საგნებზე ამჯობინებს. ბრენდული ტანსაცმლის ყიდვა კი მოსახლეობის უმრავლესობისთვის საერთოდ წარმოუდგენელია.

ბოლო პერიოდში მომხმარებლის მყიდველუნარიანობის შემცირებამ გამოიწვია ისეთი ბრენდული მაღაზიების დახურვა, როგორიცაა "რივერ აილენდი", "დებენ ჰემსი", "ტომ ტეილორი", "ბენეტონი", "მანგო"

. მომხმარებლის შემცირებას თან დაერთო საიჯარო გადასახადის ზრდა, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ავტომატურად გამოიწვია. ყველაფერმა კი მაღაზიების დახურვის პროცესი დააჩქარა. ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის ბაზრობებზეც, სადაც მყიდველთა რაოდენობა შემცირებულია. მოვაჭრეები, მოსახლეობის სოციალური ფონის გაუარესებასთან ერთად, გამძაფრებულ კონკურენციაზე საუბრობენ. მათი თქმით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დიდი სავაჭრო ობიექტების გახსნამ პრობლემა შექმნა. კლიენტები აქეთ-იქეთ გადანაწილდნენ და ახლა მაღაზიებსაც უჭირს და ბაზრობასაც.

ბრენდული მაღაზიები საშუალო დონის მომხმარებელზე არაა გათვლილი. მსგავსი მაღაზიები კი იმდენად მომრავლდა თბილისში, კლიენტების რაოდენობა მათი მასშტაბების შესაბამისი არ არის. "ლარის კურსის დაცემის გამო არა მარტო ტანსაცმელმა, ყველაფრის ფასმა მოიმატა, შესაბამისად, მომხმარებლები ვცდილობთ, თავი შევიკავოთ ძვირი ტანსაცმლის შეძენისაგან. სხვათა შორის, ბაზრობაზეც მოიმატა ტანსაცმლის ფასმა, რის გამოც ძალიან დიდი ხანია იქ არაფერი შემიძენია. საბედნიეროდ, გვაქვს მაღაზიები, სადაც შედარებით ნორმალურ ფასად შეგიძლია შეიმოსო. ის მაღაზიები კი, რომლებიც დაიხურა, საშუალო დონის მომხმარებელზე არ იყო გათვლილი", - ამბობს თბილისელი ქეთევან არდაზიშვილი.

ფინანსური მდგომარეობის გამო მომხმარებელი ვერ ახერხებს ახალი სამოსის შეძენას და ამას შემდეგი სეზონისთვის დებს. "ლარის გაუფასურება იმდენად შეეტყო ჩემი ოჯახის ყოველდღიურ ხარჯს (საბანკო ვალდებულებების მომსახურება, პირველადი მომხმარების საგნების, საკვების, ჰიგიენური საშუალებების შეძენა), რომ ძალიან ცოტა თანხა მრჩება "შოპინგისთვის". აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მაღაზიებში ფასდაკლება ფორმალურია. გარდა იმისა, რომ მე ხარჯი გამეზარდა, სავაჭრო ობიექტები არ მთავაზობენ ჩემს შემოსავალზე მორგებულ პროდუქტს არც ფინანსურად და არც ხარისხით. ამის გამო ზაფხული გავატარე ისე, რომ არ შემიძენია ახალი ტანსაცმელი და ვფიქრობ, ეს პროცესი შემოდგომისთვის გადავდო", - ამბობს მარიამ ხახალეიშვილი.

არსებობს მაღაზიები, რომლებსაც ლარის დევალვაცია არ შეხებია და ისინი ძველებურად აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი ასეთი მაღაზია "კოტონია", რომლის მენეჯერმა მაია კოპალიანმა "რეზონანსთან" მაღაზიის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. "მიუხედავად ლარის კურსის ცვლილებისა, ჩვენი მაღაზია ძველი ფასებით მუშაობს. იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, საქონელი არ გაგვიძვირებია. ამიტომ მომხმარებლების რაოდენობაც, შემცირების ნაცვლად, გაგვეზარდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს მაღაზიას, სხვა ბრენდული სავაჭრო ობიექტებისგან განსხვავებით, დახურვა არ ემუქრება", - ამბობს მაია კოპალიანი.

მაღაზია "კოტონისგან" განსხვავებული მდგომარეობაა "ბუტიკი M & M "-ში. მისმა მეპატრონე მარიამ ჩოფიკაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ბოლო დროს მყიდველთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. "კატასტროფული მდგომარეობაა ამ სფეროში. მყიდველთა რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო. ლარის კურსის ვარდნამ ყველაფერი შეცვალა. რა თქმა უნდა, უარესობისკენ. ტანსაცმლის კი არა, სასურსათო მაღაზიებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. ჩვენ პროდუქცია იტალიიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს. ამ დროს ყველანაირი ხარჯი გასათვალისწინებელია, მაგალითად, ფართის ხარჯი, რომელიც დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად, არ შეგვიმცირებია. მოკლედ, საგანგაშო მდგომარეობაა, ზაფხულის პერიოდში 50-80%-იან ფასდაკლებებს ვაკეთებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქციას თავის ფასში ვყიდით და მაინც არ იყიდება", - აცხადებს მარიამ ჩოფიკაშვილი.

ნათია ლომიძე

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"