საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში "როსპოტრებნადზორის" განცხადების შესწავლა დაიწყეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში მითითებული საკითხებით დაინტერესდა და დეტალებს არკვევს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "როსპოტრებნადზორის" განცხადებასთნ დაკავშირებით, სადაც რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო ღვინის კონტროლის მექანიზმი არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული, განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში მითითებული პროდუქციის კონკრეტული შემთხვევით, დაიწყეს საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 35%, საფრანგეთი - 119%, კორეა - 221%, აშშ - 20%, გერმანია - 17%, კანადა - 100%, იაპონია - 10%; პოლონეთი - 2%, ლატვია - 9%, ესტონეთი - 19% და სხვა.

სააგენტო "რია ნოვოსტიმ" "როსპოტრებნადზორის" მონაცემებზე დაყრდნობით გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას. "ხარისხის ანალიზი და მოწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს გამოშვებულ პროდუქციაზე როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოების მიერ", - განაცხადეს რუსეთის სანიტარული უწყების პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.