ტურიზმის ადმინისტრაციამ და ავიაკომპანია "ატლასგლობალმა" მემორანდუმი გააფორმეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ავიაკომპანია "ატლასგლობალს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის კომერციულმა დირექტორმა თამარ თანდაშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით საქართველოში ტურიზმის განვითარება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და "ატლასგლობალ ჯორჯიას" ინიციატივით ტუროპერატორებისათვის ტრენინგი გაიმართა, თემაზე: "საქართველოში შემომავალი ტურისტული პაკეტების შექმნის სპეციფიკა და ოპერაციული მართვა".

"ავიაკომპანია "ატლასგლობალი" ქართულ ბაზარზე კომპანია "ატლასგლობალ ჯორჯიას" მიერ არის წარმოდგენილი. ავიკომპანია ავიაბაზარზე 2013 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს და თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს ასრულებს. 2015 წლიდან ავიაკომპანიამ გააფართოვა ქსელი ევროპის მიმართულებით. "ატლასგლობალი" მჭიდროდ თანამშრომლობს ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, არსებული რესურების გამოყენებით, ავიაკომპანია მზად არის წვლილი შეიტანოს საქართველოს ტურისტული ბაზრის განვითარებაში და ჩაერთოს სხვადასხვა ღონისძიებაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით.  "ქართული ტურისტული ბაზრის განვითარების მიზნით, "ატლასგლობალ ჯორჯიასა" და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციიატივით შემუშავდა საქართველოს ტურისტული ბაზრის განვითარების მხარდამჭერი ტურ-პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, იმ ქვეყნებში, სადაც ავიაკომპანია "ატლასგლობალი" რეგულარულ რეისებს ასრულებს. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა სემინარებისა და ტრენინგების გამართვა ადგილობრივი ტუროპერატორებისათვის, წამყვანი ტუროპერატორების მოწვევა და ქართული ტურპაკეტების შეთავაზება; სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება ადგილობრივი ტურისტული ბაზრის განვითარებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.