თბილისის მთავრობამ გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა

თბილისის მთავრობამ დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. დედაქალაქის მთავრობას დღეს დოკუმენტი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა გააცნო. სტრატეგიას, სხდომის დაწყებისას, ქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. თბილისის მერის თქმით, გარემოსდაცვითი სტრატეგია საკმაოდ ღრმა და ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

"დოკუმენტის უმთავრესი მიზანი არის ის, რომ თბილისი მწვანე ქალაქად იქცეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, გამწვანების სტრატეგია, კონკრეტული ქმედებები, რაც დედაქალაქის მმართველობაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ, მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ თვალსაზრისით ჩვენი აქტივობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, გარდა იმისა, რომ გვექნება კონკრეტული დოკუმენტი, ამ დოკუმენტის შესრულება სავალდებულო იქნება ყველასთვის", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ თბილისში გაუმჯობესდა გარემოსდაცვითი და დასუფთავებისთვის საჭირო ღონისძიებები, შეძენილია ახალი ტექნიკა და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ათასობით კონტეინერი. ამასთან, დავით ნარმანიამ თბილისელებს მიმართა, რომ იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებისთვის და ხელი შეუწყონ იმას, რომ არ დაბინძურდეს გარემო.