აფბა: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს. აფბა-ს ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ მოცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ეროვნული ბანკის მიერ ჯერ კიდევ არ სრულდება, რაც ეკონომიკაზე, მთელი რიგი მიმართულებებით ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" შეფასებით, ნებსით თუ უნებლიედ, ეროვნული ბანკის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხოლოდ დადებითი შეფასებები ვრცელდება. ამით იქმნება ილუზია, თითქოს ეროვნული ბანკი უშეცდომოა და მისი პოლიტიკა სრულად შეესაბამება ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

"იმ დადებითი შეფასებების უკან, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ, დგას არაერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც ეკონომიკურ პროცესებზე მწვავე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ეროვნული წარმოების დამუხრუჭება, მწარმოებელთა და მომხმარებლთა შემოსავლების გაუფასურება, საკრედიტო წნეხის გაუსაძლისი დამძიმება, ეკონომიკის ზრდის შეფერხება, დეფიციტების ზრდა - ეს იმ შედეგების არასრული ნუსხაა, რომელიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას მოჰყვა და მომავალშიც მოჰყვება, თუ არსებული რეალობა არ შეიცვლება. სავალუტო ფონდის რეკომენდაციების და მოთხოვნების მიუხედავად, სებ-მა არ ჩამოაყალიბა კონტრაციკლური საკაპიტალო ბუფერების რეჟიმი საბანკო სისტემისათვის. გარდა ამისა, არ აამოქმედა მსესხებლებისათვის სესხისა და კაპიტალის გრძელვადიანი ღირებულების (loan-to-value) ადექვატურობის პრინციპი და გადახდების და შემოსავლის (payment-to-income) პარიტეტის პრინციპი. შესაბამისად, საბანკო სექტორში იქნება უმძიმესი ვითარება. კერძოდ, კომერციული ბანკები, სებ-ის მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ რა რისკების გათვლის არსებული მექანიზმით, სათანადოდ ვერ აფინანსებენ ეროვნულ წარმოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

აფბა-ს წარმომადგენლების განცხადებით, სებ-ის რეგულაციების შესაბამისად და სავალუტო ფონდის მოთხოვნების საპირისპიროდ, ხდება არაჰეჯირებული მოთხოვნების დაკრედიტება, მაგალითად, დოლარში სესხის გაცემა იმ მომხმარებლებზე, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ. შესაბამისად ხდება სავალუტო რისკების მომხმარებელზე გადატანა. "ეს პრობლემა ნათლად გამოჩნდა ბოლოდროინდელი სავალუტო რყევების შემდეგ, როდესაც უამრავი მოქალაქე, მნიშვნელოვნად გაზრდილი სასესხო ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდა. ეს შედეგი სწორედ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების არგაზიარებამ მოგვიტანა. ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს შეეზღუდა არაჰეჯირებული სესხების გაცემა, ანუ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა იმ პირებზე, რომლებსაც შემოსავალი აქვთ ლარში, მისმა პოლიტიკამ სავალუტო რისკები მთლიანად გადაიტანა მსესხებლებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არიან კარგად გაცნობიერებულნი ფინანსურ საკითხებში. ეროვნულმა ბანკმა ასეთი მოქალაქეები, პრაქტიკულად, გაწირა, დააყენა მძიმე სავალუტო რისკის წინაშე, რამაც თავი გასული წლის ნოემბრიდან იჩინა და დღემდე მოქალაქეები 30%-ით გაძვირებულ სესხებს იხდიან. მართალია, სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, დადებითადაა შეფასებული ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, თუმცა შენიშვნები და კრიტიკა პრუდენციულ მართვას ეხება. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე ადაპტირებული პრაქტიკა, სავულუტო ფონდის შეფასებით, პოზიტიური შედეგის მომტანი არის მხოლოდ სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, რაც ლარის დღევანდელ მდგომარებას არ შეესაბამება. შესაბამისად, ლარის ჭარბი მიწოდების მიმდინარე პოლიტიკა დღეისათვის აუცილებლად უნდა გადაიხედოს, რადგან ეს ლარის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აფბა-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ ითვალიწინებს სავალუტო ფონდის სხვა მოთხოვნებსაც, კერძოდ, სავალუტო ფონდის წინაშე დაფიქსირებული დაპირების მიუხედვად, სებ-მა არ შექმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელმაც პრუდენციული რეგულირება უნდა ჩამოაყალიბოს.  "2012 წლიდან ეროვნული ბანკი საერთოდ არ აქვეყნებს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, რომელიც ფონდის მოთხოვნით, ყოვეწლიურად უნდა მზადდებოდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკის არსებული პოლიტიკა ხელს უწყობს სამომხმარებლო სესხების ზრდას და შესაბამისად, დეფიციტების წნეხის გაძლიერებას, მეორე მხრივ, რისკების მართვის არსებული სისტემა ხელს უშლის საბანკო დაწესებულებებს საწარმოო სექტორში აქტივობების ზრდაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

აფბა-ს წარმომადგენლების განცხადებით, რაც შეეხება კანონს საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და პრეზიდენტის მხრიდან ვეტო დაედო, საზედამხედველო ფუნქციის ცალკე სტრუქტურად არსებობა შეიძლება გახდეს კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ შეიქმნას სრულფასოვანი, ეფექტური მაკროპრუდენტული ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, როგორც ამას ევროპის სისტემური რისკების საბჭოს (ESRB) რეკომენდაციები ითვალისწინებს. "ამ ფონზე სრულიად გაუგებარი და არაადეკვატურია პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება და ამის საფუძვლად SAFEGUARD-ის და FSAP-ის დოკუმენტების გამოყენება, ვინაიდან პირველ მათგანი საერთოდ არ ეხება საბანკო ზედამხედველობას და არეგულირებს ეროვნილი ბანკის შიდა აქტივობების ანგარიშგების პრინციპებს, ხოლო FSAP-ი საბანკო ზედამხედველობის ნაწილში მთლიანად ეფუძნება ევროპის სისტემური რისკების საბჭოს (ESRB) მოთხოვნებს, რომლებიც არ გულისხმობს მაკროპრუდენტული პოლიტიკის აუცილებლად ეროვნული ბანკის ხელში არსებობას. მთავარი პრინციპი ამ შემთხვევაში არის საზედამხედველო ორგანოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, რაც კანონპროექტით სწორედ რომ გათვალისწინებულია. ამდენად ვეტოს ავტორების არგუმენტების საწინააღმდეგოდ ვალდებული ვართ განვაცხადოთ, რომ ამ პრინციპების დაუცველობა ევროკავშირის საბანკო ზედამხედველობის ჩარჩოს შესახებ მოთხოვნებს პირიქით დაგვაშორებს", - ნათქვამია განცხადებაში.