ზურაბ აბაშიძე: როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას სანქციებზე შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს

როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას სანქციებზე შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, რუსეთის სხვადასხვა უწყებებში გაკეთდა კომენტარები და მინიშნებები იმის თაობაზე, რომ "როსპოტრებნადზორის" განცხადება და საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვა, შესაძლოა, საქართველოს მიერ ევროკავშირის ერთ-ერთ სანქციასთან შეერთებას უკავშირდებოდეს.  "ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი იმის თაობაზე, რომ საქართველო შარშან შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან. ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს. როგორც ჩანს, რუსეთის მხარე, რუსეთის უწყებების ინფორმაციით, შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც, ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა", - განაცხადა აბაშიძემ.

"როსპოტრებნადზორის" განცხადებით, ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას. უწყების ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.