ფოთში სასმელი წყლით 24 საათიანი მომარაგების პროექტი ხორციელდება

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ფოთში ქალაქის სასმელი წყლით 24 საათიანი მომარაგების პროექტი წარმატებით ხორციელდება. მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობა-დამონტაჟება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ფოთის ფილიალის მენეჯერთან ნუგზარ ფაცაციასთან ერთად წყალმომარაგების სისტემის ობიექტები დაათვალიერეს.

,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ფოთის ფილიალის, ნაბადის წყალმომარაგების ობიექტზე დასრულების სტადიაშია წყალსატუმბი და ელექტრონული მართვის სისტემების მოწყობა. ოთხი რეზერვუარიდან, რომელთა საერთო ტევადობა 12.000 კუბურ მეტრს შეადგენს (თითოეული 3.000 კუბური მეტრის მოცულობით), ორი მზად არის ექსპერიმენტისათვის. ასევე მიმდინარეობს იტალიური წარმოების ტუმბოების მონტაჟი. თითქმის მზად არის გერმანული "შნაიდერის" ფირმის თანამედროვე ელექტრომოწყობილობა ავტომატური მართვის რეჟიმისათვის. ორი რეზერვუარი თავისი სატუმბი სისტემებით, სექტემბერში შევა ექსპლუატაციაში.