ინტერნეტ სივრცეში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეკომენდაციები შემუშავდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მოქალაქეთათვის და ინტერნეტ მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ავრცელებს.

"ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტი გლობალური საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებაა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ახორციელებს ელექტრონულ კომუნიკაციას და შესყიდვებს, იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას, იხდის გადასახადებს ონლაინ რეჟიმში და აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. ინტერნეტ სივრცეში პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მოქალაქეთათვის და ინტერნეტ მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მოამზადა. დოკუმენტები მოიცავს სახელმძღვანელო წესებს ინტერნეტში პირადი ინფორმაციის დაცვის, უსაფრთხოების ზომების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ", - აცხადებენ ინსპერქტორის აპარატში.

მათივე განმარტებით, ინტერნეტსივრცეში არაინფორმირებულმა და გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოქალაქის პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებას, მაშინ, როდესაც ინტერნეტმომხმარებლის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება მნიშვნელოვნად ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხეს.  "სათანადო უსაფრთხოების ზომების გატარებითა და დაცული ტექნოლოგიებით შესაძლებელია მონაცემების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება", – განმარტავენ ინსპექტორის აპარატში.

რეკომენდაციები შემუშავებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: რეკომენდაციები ინტერნეტ მომხმარებლებისთვის; რეკომენდაციები ინტერნეტ მომსახურების გამწევთათვის.