ENPARD ქართველ ფერმერებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს

ENPARD ქართველ ფერმერებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ENPARD-ის ინფორმაციით,  ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ამიერიდან ფერმერებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში დაეხმარება. პირველ ეტაპზე, ENPARD-ი ქართველ ფერმერებს ბიზნეს ორგანიზაციებთან დააკავშირებს. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა.

"ცოტა ხნის წინ ქართული ონლაინ პლატფორმის Kar.ge-ის (www.kar.ge) მეშვეობით ქართველი ფერმერების პროდუქციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება დაიწყო. აღნიშნულ პლატფორმასთან თანამშრომლობა ასევე მიზნად ისახავს ქართველი ფერმერების დაკავშირებას ბიზნესორგანიზაციებთან, სუპერმარკეტების ქსელებთან, სასტუმროებსა და რესტორნებთან. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწარმის რეალიზაციას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას მოემსახურება. ყველაფერი კი დაიწყო ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, რომელსაც დადებითი გამოძახილი მოჰყვა. "სამეგობრო 2014"-ის მიერ წარმოებული კალმახისა და კოოპერატივ "ლელო 2014"-ის მიერ წარმოებულ რძის პროდუქციას, საზოგადოების ინტერესი მოჰყვა. Kar.ge-ზე კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გამოქვეყნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

Kar.ge 2014 წელს დაარსდა და ყოველდღიურად 210,000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული პროდუქციის შეძენით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების გარდა, საიტს ქართული ნაწარმით დაინტერესებული უცხოელი ინვესტორებიც ადევნებენ თვალს. "ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, ჰოლანდიელმა ინვესტორებმა ქართული ჩირის ექსპორტის სურვილი გამოთქვეს; აღნიშნულ ინიციატივას ჩვენ უყურადღებოდ არ ვტოვებთ და ხელს ვუწყობთ მწარმოებლების დაკავშირებას ინვესტორებთან", - აღნიშნა kar.ge-ს გენერალურმა დირექტორმა ტარიელ ზივზივაძემ.

ENPARD-ის ხელშეწყობით ასევე შედგა მობილური ოპერატორის "ჯეოსელისა" და იმერელი ფერმერების საინტერესო თანამშრომლობა. "ჯეოსელის" დახმარებით მოხდა უმაღლესი ხარისხის "ჩირკოლადის" (შოკოლადში ამოვლებული უმაღლესი ხარისხის ჩირი) ეფექტიანი ბრენდირება. "ჯეოსელმა" ასევე შეიძინა ჩირკოლადი თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებული საჩუქრის სახით, რითაც ხელი შეუწყო პროდუქციის პოპულარიზაციას. "ქართველ ფერმერებისთვის ბაზრების მოძიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით რეგულარულად მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, რომელზეც მოწვეული იქნებიან საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედი ბიზნეს-ორგანიზაციები, რათა მათ გაიცნონ ქართველი ფერმერები და ითანამშრომლონ კოოპერატივებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს ევროკავშირი 52 მილიონი ევროს მხარდაჭერას უწევს. ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - www.enpard.ge.