"საქართველოს ემბარგო ემუქრება"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, საქართველოს ემბარგო ემუქრება. პარტიის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ხელისუფლებას, რათა სახელმწიფომ ბაზრების გაფართოებაზე იმუშაოს.

"რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, რომელიც რეალურად პუტინის პოლიტიკის გამტარებელ სამსახურს წარმოადგენს, ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების უვარგისობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. აქედან გამომდინარე, გახდა რეალური საფრთხე იმისა, რომ საქართველოს ემბარგო ემუქრება, რისი მწარე გამოცდილებაც ქვეყანას უკვე აქვს. ემბარგოს გარდა, რუსეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა თავისივე პოლიტიკიდან გამომდინარე, ამიტომ, რეალური საფრთხის წინაშე დგას ყველა ქართველი მეღვინე, რომელიც ჩართულია ამ ბიზნესში. ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ მცდარი იყო მათი პოლიტიკა - თითქოს ქართველი გლეხის ხსნა რუსეთის ბაზარზე იყო, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მათ, რომ სახელმწიფო ხარჯებთან ერთად იმუშაონ ბაზრების გაფართოებაზე, რათა წლევანდელმა რთველმა წარმატებით ჩაიაროს", - ნათქვამია გიორგი ღვინიაშვილის განცხადებაში.