1-ლი სექტემბრიდან ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

მალე ხორბლის ფქვილის იმპორტიორებისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდება.

1 -ლი სექტემბრიდან ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, რაც ფქვილის ტექნიკურ პარამეტრებსა და ტერმინთა განმარტებებს დაადგენს. როგორც bpn-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, აქამდე სტანდარტების რეგულიება კომპანიებისთვის ნებაყოფლობითი იყო.

"მთავრობის 376-ე დადგენილება მხოლოდ ხორბლის ფქვილსა და არა სხვა მცენარეების ფქვილის ტექნიკურ პარამეტრებს არეგულირებს. შესაბამისად, ტერმინთა განმარტებები დადგინდება, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა სახეობის ფქვილი, რომელი წლის წარმოებისაა, რომელია პირველი, მეორე ხარისხის ფქვილი და ა.შ. ახალი რეგულაციების შესრულება მეწარმეებისთვის სავალდებულო გახდება. ეს დოკუმენტი ადგენს ბაზარზე ხორბლის ფქვილის განთავსების პირობებს, ფქვილის მიმართ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორების მიმართ ჰიგიენური თვალსაზრისით მოთხოვნებს, როგორ უნდა მოხდეს ფქვილის წარმოება, დისტრიბუცია, პროდუქციის შეფუთვა და მასზე შესაბამისი ინფორმაციის დატანა. ასევე, ფქვილის ტრანსპორტირება შესაბამის პირობებში უნდა მოხდეს ანუ ხის სტელაჟებზე განთავსებული უნდა იყოს. ეს მოთხოვნები გავრცელდება როგორც იმპორტიორ, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებზე, იგივე წისქვილკომბინატებზეც," - აღნიშნა კალანდაძემ.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე ინტენსიური შემოწმება დაიწყება. კომპანია, რომელიც არასრულყოფილად ან საერთოდ არ დააკმაყოფილებს რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მკაცრი სანქციებით დაისჯება.

სალომე გოგოხია