სოზარ სუბარი: "ოლიმპიურ სოფელში" ბინები, წესით სექტემბერში უნდა ჩაგვბარდეს

"ოლიმპიურ სოფელში" მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში დევნილების შესახლება, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს. "ოლიმპიურ სოფელში" ბინები, წესით სექტემბერში უნდა ჩაგვბარდეს, თუმცა გარკვეული დრო სჭირდება თავად კომპანიას, რომ შიდა სივრცე მოაწესრიგოს და დევნილთა საჭიროებებს მოარგოს, ვინაიდან ოლიმპიადისთვის სხვაგვარად იყო დაპროექტებული. იგივე ტიხრები აბსოლუტურად სხვა სისტემითაა გაკეთებული, ხოლო სხვა სისტემით იქნება დევნილებისთვის. ასე რომ, ბინების გადაცემა წესით სექტემბრიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს, თუ თავად "ჰუალინგ ჯგუფი" ვერ მოასწრებს კორპუსების ვადაში ჩაბარებას. კომპანიას აქვს თხოვნა, რომ თუ დასჭირდათ, ჩაბარების პროცესმა 2-3 კვირით გადაიწიოს. ყოველ შემთხვევაში, ეს არ იქნება ოქტომბერზე გვიან", - აცხადებს მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს 298 ოჯახი მიიღებს. "პირველ ეტაპზე ეს არის 298 ბინა, თუმცა, გარდა ამისა, საუბარია ამავე ტერიტორიაზე მდებარე კიდევ 300 ბინაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში უნდა ჩაგვბარდეს. ისინი ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად არის დაპროექტებული და ამ 298 ბინისგან განსხვავებულია - ანუ კორპუსებში, რომლებშიც თავდაპირველად მოხდება დევნილების შესახლება, უმრავლესობა 3 და 4-ოთახიანი ბინებია, ამ დროს კი, როგორც ცნობილია, უფრო დიდი მოთხოვნა არსებობს 1 და 2-ოთახიან ბინებზე. შესაბამისად, წელს მივიღებთ ასეთ სურათს: სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ეკუთვნით 1 და 2-ოთახიანი ბინები, მას ვერ მიიღებენ და 3 და 4- ოთახიანი ბინები გადაეცემათ შედარებით ნაკლები პრობლემების მქონე ოჯახებს, თუმცა სამაგიეროდ, ეს დისბალანსი და დისპროპორცია მომავალი წლის დასაწყისში გამოსწორდება, როცა უმეტესად უკვე 1 და 2-ოთახიან ბინებს ჩავიბარებთ", - განმარტავს სოზარ სუბარი.

აღსანიშნავია, რომ "ოლიმპიურ სოფელში" ბინის მიღებასთან დაკავშირებით სამინისტროში სულ 10 003 განაცხადი შევიდა.