"საწვავის იმ სტანდარტს უნდა მივუახლოვდეთ, რაც ევროკავშირშია მიღებული"

საწვავის იმ სტანდარტს უნდა მივუახლოვდეთ, რაც ევროკავშირშია მიღებული, - ამის შესახებ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა ჟურნალისტებს, თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დოკუმენტის პრიორიტეტებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია ავტომობილების ტექდათვალიერების აღდგენა. "სტრატეგიაში გათვალისწინებულია პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, რომელიც ეხება ჰაერის დაბინძურებას, ჰაერის გაჯანსაღების გზებს, ზედაპირულ წყლებს, ასევე თბილისის მწვანე საფარს და თბილისისთვის შემოერთებული ტერიტორიების მწვანე საფარის გაჯანსაღებას. სტრატეგიაში ასევე მოცემულია გარემოსდაცვითი განათლებისა და ამ სამუშაოებში საზოგადოების ჩართვის საკითხები. გაწერილია ღონისძიებები, რაც უნდა გაკეთდეს - დაწყებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწიდან, გამწვანების ღონისძიებებით, ჰაერის მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნით დამთავრებული. საკანონმდებლო დახვეწა ბენზინისა და ზოგადად, საწვავთან დაკავშირებულ რეგულაციებს სჭირდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამას გვავალდებულებს კიდეც. უნდა მივუახლოვდეთ საწვავის იმ სტანდარტს, რაც ევროკავშირშია მიღებული. ეს პროცესი მიმდინარეობს. სამთავრობო დონეზე მიღებულია სხვადასხვა გადაწყვეტილებები. არის პრემიერის ბრძანება ავტომობილებისთვის და სხვადასხვა სატრანპორტო საშულებებისათვის საწვავების რეგულაციების შესახებ", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, შემოდგომაზე, გარემოსდაცვითი სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდება, რომლის განხორციელებაც გათვალისწინებულია 2015-2020 წლებში, თბილისის გარემოსდაცვითი პრიორიტეტების მიხედვით.