მერია კონკურსს - "ჩემი თბილისობა" აცხადებს

თბილისის მერია "თბილისობის" დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად აცხადებს კონკურსს - "ჩემი თბილისობა". დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს, ვისაც სურს ეს დღესასწაული უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს როგორც თბილისელებისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისთვის. მათივე ინფორმაციით, კონკურსი "ჩემი თბილისობა" საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში.

"კონცეფცია უნდა ეხმიანებოდეს ქალაქის რეალურ გამოწვევებს და დღესასწაულის მსვლელობისას ისეთი გარემოს შექმნა უზრუნველყოს, რომელიც თბილისის ისტორიულ, კულტურულ მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. ამასთან, წარმოაჩენს მის როლს თანამედროვე სამყაროში. კონკურსანტებმა პროექტი ქართულ ენაზე, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე (მის: შარტავას ქ.N7). პროექტების წარდგენა 2015 წლის 18 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი. საკონკურსო კომისია, რომელსაც ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმ სამ საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და კვლავ მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ემატება ხალხის ერთი ხმა.  გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 7 000 ლარით დაჯილდოვდება", - აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, სრული ინფორმაცია კონკურსის, მისი პირობების შესახებ განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://tbilisi.gov.ge/ და "ფეისბუქის" გვერდზე - https://www.facebook.com/CityHallofTbilisi?ref=ts&fref=ts, (კულტურის საქალაქო სამსახურის ცხელი ხაზი - 2 378 549). ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მე-20 სართულზე 2015 წლის 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე და კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მერიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisiculture@tbilisi.gov.ge.