"ქადაგიძე ყვავივით დასჩხავის ყოველ დღე, რომ ლარი გაუფასურდება"

როდესაც ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი მთავარი ადამიანი ყოველდღიურად გამოდის და თავისი ნებისმიერი განცხადებით ახდენს საზოგადოების დაშინებას, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, აუცილებლად გაუფასურდება, ძალიან გაუფასურდება, ამით, ბუნებრივია, ხელს უწყობს ლარის დევალვაციას.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"იმის ნაცვლად, რომ შემოიტანოს საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა, შფოთვას ამკვიდრებს. ეს ყველაზე დიდი ფაქტორია, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს ლარის გაუფასურებას. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ის ყვავივით დასჩხავის ყოველ დღე, რომ ლარი გაუფასურდება. არაფერს ვიტყვი მის ქმედებებთან დაკავშირებით, ამაზე ეკონომისტები უფრო კვალიფიციურად ილაპარაკებენ, თუმცა რა განცხადებებსაც აკეთებს, ეს არის შეგნებული პოლიტიკა იმისთვის, რომ რამენაირად მოხდეს ლარის დევალვაცია, განცხადება კი ხშირად ქმედებაზე მეტია. ერთი განცხადება შეიძლება ბანკიდან გასროლილ 100 მილიონ დოლარს უდრიდეს, ანუ ასეთი გავლენა ჰქონდეს სიტყვას", - აღნიშნა დევნილთა მინისტრმა..

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება არჩევნების შედეგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს ლარის გაუფასურებითა და ელექტროენერგიის გაძვირებით შექმნილმა ფონმა, დევნილთა მინისტრის შეფასებით, "ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფდა იმისთვის, რომ გააანალიზოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და იმ პროცესებს შორის, რაც საქართველოში ხდება".

"როდესაც ირგვლივ სრული სტაგნაცია და ხშირ შემთხვევაში რეცესიაც კი არის, საქართველოში კი ყოველთვიურად ეკონომიკის 2-3 პროცენტიანი ზრდაა შენარჩუნებული, ეს ძალიან კარგი შედეგია. მე ვფიქრობ, ძალიან მაგარი შედეგიც კი არის. შეუძლებელია, ირგვლივ ყველაფერი იქცეოდეს და ჩვენ ქვეყანაში სამოთხე შენდებოდეს. ასეთი რამე არ ხდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.