თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების ნაწილი გაფიცვას აგრძელებს. მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსის" დიღმის ფარეხთან არიან შეკრებილები, სადაც, მძღოლების ინფორმაციით, მობილიზებულია პოლიციაც. როგორც მათ განაცხადეს, "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლები გაფიცულ მძღოლებთან დიალოგისთვის სავარაუდოდ, მზად არიან და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა მძღოლები გაფიცვას.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსისგან" ყოველდღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ. სამარშრუტო ტაქსები დღეს დილიდან არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან, გლდანიდან, ვაზისუბნიდან. მათ სხვა სამარშრუტო ხაზების მძღოლებიც უერთდებიან.