თურქეთში ტერორისტული თავდასხმის არეალში ქართული სატვირთო ავტომობილები მოხვდნენ

თურქეთში ტერორისტული თავდასხმის არეალში ქართული სატვირთო ავტომობილები მოხვდნენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბოლო შემთხვევა ორშაბათს მოხდა. შპს "ალგანის" ტრაილერის ქართველი მძღოლი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს, ავტომობილი კი დაწვეს. "უნდა შეესრულებინა თურქეთი-უკრაინის გადაზიდვა. გადავიდა ვალეს მხრიდან. ქალაქ არდახანს როგორც კი გასცდა, გააჩერეს შეიარაღებულმა პირებმა. მძღოლი სცემეს და მანქანა დაწვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვედი დახმარების სათხოვნელად, თუ როგორ შეიძლება იმ მძღოლის გადმოყვანა და რითია შესაძლებელი ზარალის ანაზღაურება", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მერაბ გენგიურმა.

მეორე შემთხვევა მოხდა 31 ივლისს. ერზრუმის მიმართულებით მიმავალი ტრაილერის მძღოლები დააკავეს ასევე შეიარაღებულმა პირებმა. მათ ასევე გადაწვეს ტრაილერები და რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. აღნიშნული მძღოლები საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.  "შეიარაღებულმა პირებმა ავტომატის მუქარით ჩამოგვყარეს დაბლა. მათ გაჩერებული ჰყავდათ პატარა ავტობუსი და იქ შეგვყარეს", - აცხადებენ 31 ივლისს მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაზარალებული ქართველი მძღოლები.