კახელ გლეხებს გვალვა მოსავალს უნადგურებს

ბოლო ერთი კვირაა კახეთის ქალაქებში ჰაერის ტემპერატურა 38-დან 42 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. ამის გამო კახელი გლეხები წელს შესაძლოა, მოსავლის გარეშე დარჩნენ. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე, ასობით ჰექტარზე დათესილი მზესუმზირასა და სიმინდის ყანების 70 პროცენტი უკვე გამხმარია. "ივლისის თვეში მზესუმზირას ნალექი აუცილებლად სჭირდება. წელს კარგი პირი უჩანდა, კარგ მოსავალს ველოდებოდით, ბევრი გეგმები გვქონდა, მაგრამ უამინდობამ თითქმის გაანადგურა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, კრედიტებსაც კი ვერ დავფარავთ. დათესილი კულტურა თითქმის სრულად გახმა", - განაცხადა გივი ბეჟანიშვილმა.

გარდა იმისა, რომ კახეთში წვიმა არ მოდის, გვალვასთან ბრძოლის არანაირი საშუალება არ არსებობს. გლეხები სარწყავი სისტემის არარსებობის გამო მოსავლის ხელოვნურად გადარჩენას ვერ ახერხებენ. გვალვის გამო კახეთის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემაც შეიქმნა. გლეხები დახმარებას ითხოვენ.

"ბოსტნეული ჯერ სეტყვამ დააზიანა, ახლა გვალვამ ბოლო მოუღო. ამას ისიც ემატება, რომ მორწყვას ვერ ვახერხებთ. სარწყავი სისტემა აღარ არსებობს", - აცხადებენ გლეხები. კახელების თქმით, ჯერ რთველი წინ არის და ნალექი თუ მოვიდა, ყურძნის გადარჩენა მოხერხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყურძნის მოსავალზე წელსაც ხელის ჩაქნევა მოუწევთ.

თიკო გურაშვილი