რუსეთი ახალ სავაჭრო ომს გვიცხადებს

რუსეთი, ანტირუსულ სანქციებზე მიერთების გამო, საქართველოსა და ევროპის კიდევ 6 ქვეყანას ემბარგოთი ემუქრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრემლში ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს და დასძინეს, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ "ქვეყნების სიის დაზუსტება" მიმდინარეობს. მოსკოვში უკვე დაიწუნეს ქართული ალკოჰოლური სასმელები და მეღვინეები "ტექნოლოგიების სისტემატურად დარღვევაში" დაადანაშაულეს. "როსპოტრებნადზორში" ამტკიცებენ, რომ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნას არ შეესაბამება.

მოსკოვი ემბარგოს დაწესებისთვის სერიოზულად ემზადება და ამჯერადაც პირველი პროდუქცია, რომელსაც რუსეთი "წითელს აუნთებს", ისევ ალკოჰოლური სასმელები იქნება. თუ მოვლენები 2006 წლის ანალოგიურად განვითარდა, მას მიჰყვება ქართული მინერალური წყლები და უკვე შემდგომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც რუსულ ბაზარზე შედის. ემბარგოს დაწესებას არც ქართველი ეკონომისტები გამორიცხავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ჩვენი საექსპორტო ბაზარი უკვე დიდი ხანია, რაც დივერსიფიცირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ემბარგო საქართველოსაც შეეხება. ჯერჯერობით უწყება ქვეყნების სრულ ჩამონათვალს არ ავრცელებს. "ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თუკი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები მართლაც შეუერთდნენ დაწესებულ სანქციებს, უნდა განხორციელდეს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება და შესაბამისი ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტს უნდა წარედგინოს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და დააკონკრეტა, რომ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც მანამდე მხარს არ უჭერდნენ ანტირუსულ სანქციებს და კრემლი მათ მიმართ საპასუხო ზომას არ ახორციელებდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი დაადასტურეს, რომ კონტრზომების შემოღების საკითხი საქართველოსთან მიმართებითაც მუშავდება.

შეგახსენებთ, გასული თვის ბოლოს ევროკავშირის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩერნოგორიამ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა, ნორვეგიამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მხარს დაუჭერს მთავრობის წინადადებას საპასუხო ზომების შემოღების თაობაზე ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. "დარწმუნებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პრეზიდენტი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს," - აღნიშნა პესკოვმა.

ვიდრე მედვედევი და პუტინი ემბარგოს დაწესების სქემას ამუშავებენ, რუსეთის სანიტარიულმა სამსახურმა ქართული ალკოჰოლური სასმელები უკვე დაიწუნა. "როსპოტრებნადზორის" განცხადებით, ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას.

2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამბობენ, რომ "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში მითითებული საკითხებით დაინტერესდნენ და დეტალებს არკვევენ. სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში.

ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი.

რუსეთის მიერ შესაძლო ემბარგოს დაწესებას გუშინვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვის სანქციებზე შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აბაშიძემ განუცხადა, რუსეთის სხვადასხვა უწყებებში გაკეთდა კომენტარები და მინიშნებები იმის თაობაზე, რომ "როსპოტრებნადზორის" განცხადება და საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვა, შესაძლოა, საქართველოს მიერ ევროკავშირის ერთ-ერთ სანქციასთან შეერთებას უკავშირდებოდეს.

"ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი იმის თოაბაზე, რომ საქართველო შარშან შეუერთდა ევროკაშვირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან. ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს. როგორც ჩანს, რუსეთის მხარე შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც, ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა", - განაცხადა აბაშიძემ.

ქართველი ეკონომისტები რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებას არ გამორიცხავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის.

ეკონომისტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებმა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მიმართულებით იმუშაონ. "არენაზე უკვე გამოჩნდა რუსი ავადსახსენებელი სანიტარიული ექიმი. უკვე გამოითქვა უკმაყოფილება ამ სტრუქტურის მიერ საქართველოდან შესული ღვინის ხარისხის მიმართ. ეჭვი არ მეპარება, საჭირო თუ გახდა, რომელიმე ვაშლში აღმოაჩენენ ისეთ მომწამლავ ნივთიერებას, რომელიც მყისიერად მოაკვდინებს ვაშლის მოყვარულებს. ჩემი აზრით, ჩვენი რეაგირება უნდა იყოს ნულოვანი და შეგვიძლია მათ ლაკონური პასუხი გავცეთ- "როგორც გსურთ". ახლა მნიშვნელოვანია, მეწარმეებმა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მიმართულებით იმუშაონ. ეს მყისიერად არ მოხდება, მაგრამ მწარმოებლები წაგებული ნამდვილად არ დარჩებიან, რადგან ფასი ევროპაში უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში. იმავდროულად, სრულიად სანდო და დამაჯერებელი პროცედურები უნდა ახლდეს თან ღვინის ექსპორტის პროცესს. ემბარგო, რომელიც უხარისხობის გამო დაწესდება, კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქართული პროდუქციისთვის, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ნიშნის ემბარგო",- განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი მაინც დააწესა რუსეთმა ემბარგო, ეს ქართული ეკონომიკისთვის დამაქცეველი არ იქნება, რადგან ღვინისა და მინერალური წყლების საექსპორტო ბაზარი დიდი ხანია უკვე დივერსიფიცირებულია.

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე კი ვარაუდობს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციას ემბარგოს აუცილებლად დაუწესებს, მაგრამ ემბარგო იქნება იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ ვართ მიერთებული რუსეთის მიმართ სანქციებს. "პირველ რიგში, აკრძალულ პროდუქტთა ნუსხაში სწორედ ქართული ალკოჰოლური სასმელები მოხვდება. შემდეგ კი, თუ სრულად შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს, აკრძალვაც შესაბამისი იქნება", - აღნიშნა ავთანდილ სილაგაძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"