ოთარ დანელია: ქართულ პროდუქციაზე ხელახალი ემბარგოს საფრთხე არ არსებობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას აზრით, რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე ხელახალი ემბარგოს დაწესების საფრთხე არ არსებობს.

როგორც დანელიამ ჟურნალისტებს "როსპოტრებნადზორის" განცხადების შეფასებისას განუცხადა, ქართული მხარე ძალიან პროაქტიურად უდგება ამ საკითხს - მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქცია ბევრ ქვეყანაში გადის და ჯერჯერობით რაიმე ხარვეზი არ ყოფილა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და შევისწავლოთ აღნიშნული პრეტენზიები. "გვინდა, ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები. შესაბამისად, ჩვენ გუშინ დავაანონსეთ, რომ დავიწყეთ მოკვლევა. ჯერჯერობით ეს გავს მხოლოდ გაუგებრობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რაიმე სერიოზულში არ გადაიზრდება. ქართული პროდუქცია გადის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამერიკაში, აზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ჯერ რაიმე ხარვეზი არ ყოფილა. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ და შევისწავლოთ, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი ხარვეზი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება იმას, გამართლებული იყო თუ არა რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, დანელიას თქმით, გამართლებულია ყველა ბაზარზე შესვლა, რაც შეეხება რისკებს, იგი ასევე ყველა ბაზარს შეიძლება თან ახლდეს, ამიტომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ შარშან დივერსიფიცირების პოლიტიკა დაიწყო. "ამიტომ დავიწყეთ დივერსიფიცირების პოლიტიკა და შედეგებიც გვაქვს. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი სურათი ექსპორტის თვალსაზრისით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, "როსპოტრებნადზორის" განცხადებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მოკვლევის შესახებ პირველადი ინფორმაცია დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ორი დღის წინ გაავრცელს ინფორმაცია, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას.  "ხარისხის ანალიზი და მოწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს გამოშვებულ პროდუქციაზე როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოების მიერ", - განაცხადეს რუსეთის სანიტარული უწყების პრესსამსახურში.

უწყების ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს. გარდა ამისა, რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებთან შეერთების გამო, მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს მიმართ კონტრზომები გატარდეს.