დასაქმების მსურველებს worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების მსურველებს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში – worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა თეა სტურუამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არის საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილი. კერძოდ, ეს გახლავთ 22 პოზიციაზე 133 სამუშაო ადგილი.

"დამსაქმებელი ზაფხულის პერიოდში არის გააქტიურებული. ეს რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. კერძოდ, ტურისტული სეზონის გააქტიურებას, ასევე მზადებას სექტემბრისთვის. ის ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ზაფხულობით არიან გაცილებით უფრო პასიურები, ამიტომ ჩვენ გვინდა მათ მივმართოთ, რომ მოგვმართონ, დარეგისტრირდნენ worknet.gov.ge-ზე, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია როგორც ონლაინ, ასევე თუ ადამიანს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, მას შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ცენტრს", - განაცხადა თეა სტურუამ.

მისივე თქმით, დღეს არსებული ვაკანსიების ხელფასი მერყეობს 300-დან 500 ლარამდე. ვაკანსიები არის არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, სამეგრელოში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარასა და მცხეთაში. თუმცა, ვაკანსიების უმეტესობა თბილისშია. "აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები დაინტერესდებიან ვაკანსიებით, მათ შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია ჩვენს ცენტრებში, მოემზადონ გასაუბრებისთვის, შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები ვაკანსიის პირობებში და შემდეგ უკვე ჩვენი თანამშრომლები მათ დამსაქმებლებთან წარადგენენ, რათა საბოლოო შერჩევა განახორციელოს დამსაქმებელმა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, ეს ვაკანსიები აუთვისებელი გვრჩება იმის გამო, რომ შესაბამისი კადრი, მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებული ან დაინტერესებულია", - განაცხადა თეა სტურუამ.

რაც შეეხება დღეისთვის არსებულ ვაკანსიებს, ეს არის კერძო სექტორიდან და მოიცავს განათლების, საბანკო-საფინანსო, სატრანსპორტო, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებს. როგორც თეა სტურუამ აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა ბაზა worknet.gov.ge ფუნქციონირებს 2013 წლის 25 დეკემბრიდან. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 42 ათასამდე ადამიანი. ფუნქციონირების დღიდან დღემდე აღნიშნული ბაზის მეშვეობით 2067 ადამიანი დასაქმდა.