ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს

პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი იმის, რომ საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ხომ არ უკავშირებს "როსპოტრებნადზორის" განცხადებას და საქართველოსთვის ემბარგოს შესაძლო დაწესების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ევროკავშირის სანქციასთან მიერთებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ გააკეთა განცხადება, შეისწავლიან ხარისხს ღვინის, ნებისმიერი სხვა პროდუქციის, რომელიც რუსეთში გადის და თუ რაიმე კითხვები იქნება, გაარკვევენ. "პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია არის შემდეგი, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და გვაქვს იგივე პოზიცია ახლაც. არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას. 15-დან ერთადერთი სანქცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო გასულ წელს, შეეხებოდა მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ, ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით გასულ წელს და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ის, რომ ”ძალიან ვუფრთხლდებით იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სახით”. საქართველოს პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. "წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგის შემდეგ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით, ბაზრის ხელახლა გახსნა და ამას ვაფასებთ. ასე რომ, მე ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ახალ სანქციებზე მიერთება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, თავის დროზე, 2014 წელს რატომ არ გახდა ცნობილი საქართველოს მიერ ევროკავშირის კონკრეტულ სანქციაზე მიერთების თაობაზე, პრემიერი აცხადებს, რომ არ იცის.  "როგორც ჩანს, არც ქართული მედია დაინტერესდა, არც რუსული მედია. მე ვფიქრობ, ეს აჟიოტაჟი ძალიან ხელოვნურად არის აგორებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. დანარჩენ საკითხებში მივყვებით თანმიმდევრულად და გვაქვს აბსოლუტურად კეთილმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.