აჭარაში ბელორუს და ებრაელ ჟურნალისტთა ჯგუფები იმყოფებიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიწვევით, 4-8 აგვისტოს, რეგიონში ერთდროულად ბელორუსიდან და ისრაელიდან მოწვეული ჟურნალისტთა ჯგუფები იმყოფებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, უცხოელ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. მათივე ცნობით, სტუმრებს ჩაუტარდათ პრეზენტაციები რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მათ საშუალება მიეცათ, დაესვათ სასურველი შეკითხვები რეგიონის უმაღლესი პირისათვის. შეხვედრას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.

"უცხოური მედიის წარმომადგენლები ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ. მედია ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ისრაელისა და ბელორუსის როგორც ბეჭდური საშუალებების, ისე ტელევიზიისა და ინტერნეტ პორტალების ჟურნალისტები. მათ შორის : Tv Europa plus და რეიტინგული ინტერნეტ პორტალები tut.by holiday.by, onliner.by.. ასევე ისრაელში წამყვანი სატელევიზიო არხის CH. 9-ის გადამღები ჯგუფი, რადიო Rishon-ის ჟურნალისტი და რემდენიმე ბლოგერი. საინფორმაციო ტურები 4 აგვისტოდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება და მოიცავს ზღვაზე დასვენებასთან ერთად რეგიონში არსებული სხვა შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას. სტუმრები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ნაციონალურ პარკს. გაეცნობიან ღვინის მარშრუტს, აჭარულ სამზარეულოსა და ტრადიციებს", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც ახორციელებს. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი უმასპინძლებს ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან. იანვრიდან დღემდე კი ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა 200-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურ-ოპერატორს.