რუსეთში სანქცირებული პროდუქციის განადგურება დაიწყეს

რუსეთში აკრძალული პროდუქციის პირველი პარტია დღეს განადგურდება. "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტის ინფორმაციით, სანქცირებული პროდუქციის პირველი პარტია უკვე დაკავებულია. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე რამდენიმე ასეული პროდუქცია, მათ შორის ყველი და ღორის ხორცი განადგურდება.

რუსული უწყების განცხადებით, სანქცირებული პროდუქციის განადგურება ყოველდღიურად მოხდება საზღვარზე, რადგან ეს "არა ერთჯერადი კამპანია, არამედ სერიოზული სამუშაოა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გასტანს". "რამდენი პროდუქციის განადგურება მოხდება, ამას ვერ დავაკონკრეტებთ, რადგან ეს კონტრაბანდაა და რასაც გამოვავლენთ, იმას გავანადგურებთ", - აღნიშნა "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილე ალექსეი ალექსეენკომ.

29 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძნებას, რომლის თანახმად 6 აგვისტოდან ყველა პროდუქცია, რომელიც ემბარგოს ექვემდებარება და იმ ქვეყნებიდან შემოდის, ვინც რუსეთს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ სანქციები დაუწესა, პირდაპირ საზღვარზე უნდა განადგურდეს. იდეის ავტორი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი იყო.

რუსეთის 250 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოხატა პროტესტი სანქცირებული პროდუქციის განადგურებასთან დაკავშირებით და მისი გაჭირვებული მოქალაქეებისთვის გადაცემა მოითხოვა.