გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: ყვარელში წყლის ხარისხი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ყვარელში წყლის ხარისხი აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს, რაც გამორიცხავს ყვარლის მოსახლეობის ინტოქსიკაციის მიზეზად სასმელი წყლის მოხმარებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გუშინ, ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში ათობით ადამიანი ინტოქსიკაცის ნიშნებით შეიყვანეს. მოწამვლის ზუსტი მიზეზი გუშინდელი მონაცემებით არ გამოვლინდა, თუმცა დღევანდელი ინფორმაციით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ავრცელებს, ჯგუფური მოწამვლის მიზეზი, ნაწლავური ინფექცია-ნოროვირუსია. ყვარელში მასიური ინტოქსიკაციის შემთხევასთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, გეგმიური მონიტორინგის გარდა, დამატებით განახორციელა წყლის ლაბორატორიული კვლევა ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. დადგინდა, რომ ყვარელში სასმელი წყალი უვნებელია ქიმიური მაჩვენებლებით, ასევე სტანდარტს აკმაყოფილებს ის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, რომელთა დადგენა მოხერხდა 24 სთ-ში. წყლის ხარისხი აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს, რაც გამორიცხავს ყვარლის მოსახლეობის ინტოქსიკაციის მიზეზად სასმელი წყლის მოხმარებას. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ყველა რეგიონში დადგენილი სტანდარტებით ხდება წყლის დამუშავება, დაქლორვა-დეზინფექცია და ყოველდღიური ლაბორატორიული კონტროლი", - აღნიშნულია განცხადებაში.