მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში ვერ მოესწრო

დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში ვერ მოესწრო, აქედან გამომდინარე, უცნობია თუ როდის გადაიყვანენ მიუსაფარ ადამიანებს მოსკოვის პროსპექტიდან დიდ ლილოში.

როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, პროექტი 10 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა სამუშაოები, რის გამოც მშენებლობის დასრულების ვადებმა გადაიწია. კეთილმოწყობის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ, როდის დასრულდება სამუშაოები ან გააგრძელებს თუ არა იგივე კომპანია ამ სამუშაოებს.  "პროექტი უნდა დასრულებულიყო მიმდინარე წლის 10 ივლისს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "RSP 41". კომპანიას ვადა აქვს გადაცილებული. ჩვენი ინტერესები არ არის, რომ კომპანია "გაშავდეს" და გავიდეს საქმიდან, თუმცა კანონს ვერ გავექცევით. მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული საჯარიმო სანქციები. მერიიდან გაიგზავნა უკვე ბანკში მოთხოვნა, რომ კომპანიას საბანკო გარანტია ჩამოერთვას. კომპანიას არ აქვს თანხის დიდი ნაწილი ათვისებული, თუმცა ამ დროს სამუშაოები უკვე დამთავრებული უნდა იყოს", - განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში.

სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაოებს ამ დროისთვის კვლავ იგივე კომპანია აგრძელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ვადებში ვერ ეტევა, შესაძლებელია ეს უფლება ჩამოერთვას. კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მათი პირდაპირი ინტერესი არ არის, გაწყდეს ხელშეკრულება, რადგან სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი. თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა თავად კომპანიამ მოითხოვოს.  "ხელშეკრულების შეწყვეტა ვადების ძალიან დიდ გადაწევას გამოიწვევს, რადგან თავიდან უნდა გამოცხადდეს ტენდერი, კომპანიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, მონაწილეობის შემდეგ შეიძლება გამარჯვებულ კომპანიას სხვა კომპანიამ უჩივლოს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესი არ არის, რომ ამ ხალხის გადაყვანამ კიდევ რამდენიმე თვით გადაიწიოს", - აღნიშნავენ მერიის საქალაქო სამსახურში. მათივე თქმით, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს მშენებლობას, შიდა მოწყობას - სოციალური სამსახური.

მიუსაფართა თავშესაფარი, სადაც კარვებია განლაგებული, ამ დროისთვის მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა კი დიდ ლილოში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, უნდა აშენდებს ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება: საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი.