რუსეთში სანქცირებულ პროდუქტს ბულდოზერებით ანადგურებენ

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სანქცირებული ყველის პირველი პარტია გაანადგურეს (+ფოტო)

ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, როგორც მათ ბელგოროდის ოლქის "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა განუცხადეს, სანქცირებული პროდუქციის განადგურება საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ბულდოზერებით ხდება. ამ ეტაპზე სულ მცირე ათი ტონა ევროპული წარმოების ყველია განადგურებული. "როსსელხოზნადზორის" ინფორმაციით, პროდუქცია გასული თვის ბოლოს ამოიღეს, რადგან შეფუთვაზე საჭირო ეტიკეტირება არ ჰქონდა.

რუსეთში სანქცირებული პროდუქციის განადგურება ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესაბამისად, დღეიდან დაიწყეს. "როსსელხოზნადზორის" განცხადებით, სანქცირებული პროდუქციის განადგურება ყოველდღიურად მოხდება საზღვარზე, რადგან ეს "არა ერთჯერადი კამპანია, არამედ სერიოზული სამუშაოა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გასტანს". "რამდენი პროდუქციის განადგურება მოხდება, ამას ვერ დავაკონკრეტებთ, რადგან ეს კონტრაბანდაა და რასაც გამოვავლენთ, იმას გავანადგურებთ", - აღნიშნა "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილე ალექსეი ალექსეენკომ.

29 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძნებას, რომლის თანახმად 6 აგვისტოდან ყველა პროდუქცია, რომელიც ემბარგოს ექვემდებარება და იმ ქვეყნებიდან შემოდის, ვინც რუსეთს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ სანქციები დაუწესა, პირდაპირ საზღვარზე უნდა განადგურდეს. იდეის ავტორი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი იყო.

რუსეთის 250 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოხატა პროტესტი სანქცირებული პროდუქციის განადგურებასთან დაკავშირებით და მისი გაჭირვებული მოქალაქეებისთვის გადაცემა მოითხოვა.

იხილეთ ფოტოგალერეა