ოთარ დანელია: ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში შეკითხვის – რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი საქართველოსთვის, პასუხად განაცხადა.

დანელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და ახერხებს როგორც არსებულ ბაზრებზე განვითარებას, ისე ახალი ბაზრების მოძიებას.  "ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ბაზარი იქნება ეს. საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უკაცრავად და, ვიღაცის ხუშტურებზე იქნება ეს თუ პირად მოსაზრებებზე ავაგოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ ნებისმიერ ბაზარს უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა ვეძებოთ ნებისმიერ ბაზარში პენეტრაციის საშუალებები. ამასთან, რა თქმა უნდა საჭიროა ვეძებოთ ალტერნატიული ბაზრებიც. ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. ეს არის მთავრობის ვალდებულება და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაკეთებთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.