"რუსთავი 2"-ის ქონება და წილები სრულად დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, "რუსთავი2-ის" პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო."რუსთავი2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ქონება სრულად დაყადაღდა და ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა წილებს.

არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. "რუსთავი 2"-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.