სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები კიდევ გაძვირდა

"ეროვნული ვალუტა რა მდგომარეობაშია, ხედავთ. ალბათ, ეს მოსალოდნელიც იყო"

ლარის გაუფასურების გაგრძელების ფონზე სააფთიაქო ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე ფასი კვლავ გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზი გამართლდა - ისინი ჯერ კიდევ მაისში პროგნოზირებდნენ, რომ მედიკამენტები  გაძვირდებოდა. დამაიმედებელ პროგნოზს ვერც შემოდგომისთვის აკეთებენ. მედიკამენტებზე ფასის მატებას არც ჯანდაცვის სისტემაში უარყოფენ და გამოსავალს ეძებენ. როგორც bpn-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა, შემოდგომისთვის ახალ პროექტს მიიღებენ, რომელიც საზოგადოების გარკვეული ფენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე სახელმწიფოს მხრიდან 50%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები ასე გამოიყურება: ვალიდოლი - 0, 40 ლარი (რამდენიმე თვის წინ 25 თეთრი ღირდა), წნევის წამალი "ენ ალაპრილ ჰაშის" ფასი 2 ლარიდან 4, 60 ლარამდე გაიზარდა, "ეუკარბონი" 2,60 ლარი ღირდა, ამჟამად კი 3,10 ლარია. "კორსიზი" 1 ლარი ღირდა, ამჟამად კი, 1, 55 ლარია. "კორვალოლის" წვეთების ფასი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი და ამჟამად, 0, 60 ლარი ღირს. ბოლო ორი თვის მანძილზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ფასი 1-2 ლარის სხვაობით არის გაზრდილი, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ისედაც შეთხელებულ ჯიბეს ურტყამს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელის, ზურაბ ფუტკარაძის თქმით, ფასების მომატება მოსალოდნელი იყო, რასაც ლარის დევალვაციას და ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტების არსებობას უკავშირებს. "თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ლარის კურსი არ დასტაბილურდა, ბაზარზე ახალი კომპანიები არ შემოვიდნენ, რაც კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც მედიკამენტების ფასების დაწევაზე აისახება, მაშინ შემოდგომაზე მედიკამენტების ფასი კიდევ გაიზრდება. საერთო ჯამში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება", - ამბობს ზურაბ ფუტკარაძე.

bpn-თან საუბარში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია მედიკამენტების გაძვირებას არ უარყოფს და ამბობს, რომ მთავრობა გამოსავალს ეძებს.

ვალერი კვარაცხელია: ეროვნული ვალუტა რა მდგომარეობაშია, ხედავთ. ალბათ, ეს მოსალოდნელიც იყო. შემოდგომისთვის ჩვენ ვამზადებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე სამთავრობო პროექტს, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ, 50%-იანი ფასდაკლებით შევთავაზებთ მედიკემანტებს. ამ ეტაპზე ეს რა ფორმით იქნება, ვერ გეტყვით. ვხედავთ, რომ ფასებმა კიდევ მოიმატა და ამ პროექტის მიღებას დავაჩქარებთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მედიკამენტების გაძვირებას ისიც განაპირობებს, რომ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა? პრაქტიკულად, მონოპოლისტები არიან.

- იცით, ფასის მომატებაზე ყველაფერი ერთად მოქმედებს. წინა წლებში ლარის ისეთი სერიოზული რყევა, როგორც დღესაა, არ ყოფილა. მხოლოდ იმას ვერ დააბრალებ, რომ ბაზარზე რამდენიმე მოთამაშეა. პარარელური იმპორტიც ღია გვაქვს და მედიკამენტები ძალიან ბევრ კომპანიას შემოაქვს. ისეთი დახურული სისტემა, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო, როცა კონკრეტული ფირმის გარდა სხვას ვერავის შემოჰქონდა, ასე აღარ არის. ამისთვის ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობს და მათ უნდა გასცენ პასუხი ამ კითხვაზე.

- მოსახლეობის რომელი კატეგორია მიიღებს 50%-იან ფასდაკლებას?

- უმწეოებზე ვფიქრობთ, მაგრამ ეს ბოლომდე განსაზღვრული არ არის. პირველ რიგში მაინც ამ კატეგორიას უნდა შევუწყოთ ხელი.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, ბოლო კვლევების მიხედვით, 500-დან 1 000 დასახელების მედიკამენტებზე ფასი 15-20%-ით არის მომატებული. ვალერი კვარაცხელია იმედოვნებს, რომ შემოდგომისთვის ლარის კურსი დასტაბილურდება და მედიკამენტებზე ფასი დაიწევს. თუმცა, რა მოხდება მაშინ, თუ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება, ამაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს.

სალომე გოგოხია