რუსეთი შვიდი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ემბარგოს გაფართოების გზებს ეძებს

რუსეთი შვიდი ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირის სანქციას შეუერთდნენ, ემბარგოს გაფართოების გზებს ეძებს. მათ შორის არის საქართველოც.

სააგენტო "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩოვმა განაცხადა. საქმე ეხება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციას შუერთდნენ - მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, უკრაინა და საქართველო.  "ეს ქვეყნები სურსათის ბაზარზე ამინდს პრაქტიკულად არ ქმნიან. მათი წილი სხვადასხვა სფეროში 3%-დან 5%-მდეა. ჩვენ შეგვიძლია, მათ გარეშე გავძლოთ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დეფიციტს ვერც იგრძნობენ. ვსწავლობთ ვითარებას, როგორ შეიძლება რეაგირება. რა თქმა უნდა, მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ტკაჩოვმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 4 აგვისტოს შესაბამის უწყებებს იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე მუშაობა დაავალა, რომლებსაც რუსეთის კონტრსანქციები შეეხებათ. მედვედევის თქმით, საქმე ეხება ქვეყნებს, რომლებიც ადრე არ უჭერდნენ მხარს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მათზე არ ვრცელდებოდა ერთი წლის წინ რუსეთის მიერ შემოღებული საქნციები. თუმცა, გასულ კვირას ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციაზე დაწესებული სანქციის 2016 წლის 23 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე, რასაც ზემოაღნიშნული 7 ქვეყანაც უერთდება. 6 მათგანი, საქართველოს გარდა, ასევე მიუერთდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციის 2016 წლის 31 იანვრამდე გაგრძელების თაობაზე.