ლარზე მორიგი სპეკულაციური შეტევა მზადდება?

"სექტემბრისთვის ამზადებენ ნიადაგს. შეეცდებიან, კურსი იმ პერიოდისთვის მაქსიმალურად დაბლა დასცენ"

ბოლო 4 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით დაეცა. ეს მაშინ, როცა ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და წინა თვეებთან შედარებით მოიმატა ექსპორტის მაჩვენებელმაც. სპეციალისტები და მთავრობის წევრები ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ და კვლავ სპეკულაციაზე საუბრობენ. პოლიტიკოსები საბოტაჟზეც ამახვილებენ ყურადღებას და შემოდგომაზე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ. ზაფხულში, ტურისტების მომრავლების ფონზე, ყველა ეროვნული ვალუტის გამყარებას პროგნოზირებდა, მაგრამ ლარმა კატასტროფული სისწრაფით დაცემა დაიწყო. არადა, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ივლისში საქართველოს 737 696 უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 9.5%-ით აღემატება. შვიდი თვის მონაცემებით კი, ტურისტების რაოდენობა 4,9%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, ექსპორტი ივნისში, შარშანდელთან შედარებით, 18%-ით არის შემცირებული.

იანვარ-მარტში 30%-იანი ვარდნა იყო, ხოლო 2014 წლის ნოემბერში, როდესაც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო, ექსპორტის კლებამ 35% შეადგინა. გამოდის, რომ ზაფხულის განმავლობაშიც ექსპორტის მიმართულებით ვითარება საკმაოდ გამოსწორდა. მართალია, შემცირებულია ფულადი გზავნილების მოცულობა, მაგრამ არა იმდენად, რომ ამას ეროვნული ვალუტის კურსზე სერიოზული გავლენა მოეხდინა. 2015 წელს პირველ კვარტალში, 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მცირედით გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსიც.

ამ ყველაფრის ფონზე კი ეროვნული ვალუტა სწრაფი სვლით კვლავ ქვემოთ მიექანება. ლარის დევალვაციის მიზეზების ძებნისას ეკონომისტები ხელს ისევ ეროვნული ბანკისკენ იშვერენ და კურსის ასეთ ცვლილებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ლარის დაცემა ხელოვნურად და სპეკულაციური გარიგებით ხდება. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან პოლიტიკოსებიც.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობას ლარის კურსის ვარდნა არ უნდა გამოეწვია. "ვეთანხმები ექსპერტების ასეთ მოსაზრებას, რომ შეიძლება ლარის კურსი ვარდნა გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის ქმედებებიდან გამომდინარე. ტურისტები რაოდენობა მატულობს, ჩატარდა ოლიმპიადა. ამ ყველაფერს სტიმული უნდა მიეცა ლარის გამყარებისთვის, მაგრამ ახლა რა ხდება, ცოტა გაურკვეველია. ამ ყველაფერზე კი პასუხი ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს", - განუცხადა "რეზონანსს" ზურაბ ტყემალაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ასეთი სწრაფი დაცემა საბოტაჟს ჰგავს და ეს უკავშირდება არა მარტო სებ-იდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონს, არამედ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების ზრდასაც.

"ჩემი აზრით, ეს არის საბოტაჟი. როდესაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ვიხილავდით, მაშინ ვთქვი, რომ ისინი შეეცდებიან, ყველაფერი გააკეთონ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდეს, შემდეგ ეს ყველაფერი ამ საკანონმდებლო ცვლილებას და მთავრობის უუნარობას დაბრალდეს. ვთქვი ისიც, რომ შეეცდებიან, ამ ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილების არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართვას. ლარის კურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ამის გაკეთება. ცდილობენ ტემპერატურის აწევას და სექტემბრისთვის ამზადებენ ნიადაგს. შეეცდებიან, რომ ლარის კურსი იმ პერიოდისთვის მაქსიმალურად დაბლა დასცენ", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობით ლარის კურსი ასეთი ტემპით არ უნდა ეცემოდეს: "ტურისტების რაოდენობა მომატებულია, ჩატარდა ოლიმპიადა, სადაც უამრავი უცხოელი იყო ჩამოსული, წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია ექსპორტიც, ამ ყველაფრის ფონზე, ლარი ნამდვილად არ უნდა უფასურდებოდეს. მართალია, კურსის პროგნოზი ცოტა რთულია, მაგრამ ყველა ზემოთჩამოთვლილი მაჩვენებელი მინიმუმ უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ კურსი 2,24-2,25-ის ფარგლებში იყოს. როდესაც ლარის დაცემა ხდება ყოველდღიურად ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაც ისე არაა", - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას მეჭიაურმა.

დეპუტატ დავით ონოფრიშვილის განცხადებით, დღეს არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდეს.

ზაფხულში ლარის კურსის მერყეობა და ნაწილობრივ გაუარესებისკენ ნამდვილად არ არის კარგი მანიშნებელი ეკონომიკური მდგომარეობისა და თვითონ ვალუტის სიმყარისთვის. როგორც წესი, ზაფხულში სავალუტო შემოსავლები იზრდება ხოლმე და ვალუტაც მყარდება. ლარს უფრო მეტად პრობლემა აქვს ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით.

"როგორც ჩანს, წელს განსხვავებული სიტუაციაა: მშპ 2%-ის ფარგლებში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ძალიან მცირედით გაიზრდება, ნაკლებად შეიქმნება სამუშაო ადგილები, ცოტა ინვესტიცია შემოვა და ეკონომიკური აქტივობაც მაღალი არ იქნება. გარდა ამისა, ტურისტთა რაოდენობაც, პრაქტიკულად, არ გაზრდილა. 20%-ითაა შემცირებული გადმორიცხვები. წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 34%-ით ნაკლები უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. რეალურად სავალუტო კურსი ეს არის ბალანსი ეროვნულ და უცხოურ ვალუტას შორის. ფაქტია, რომ ლარის არსებული რაოდენობა ვერ ბალანსდება და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მაინც დიდია. მიუხედავად იმისა, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა და კიდევ სხვა ტიპის ღონისძიება გაატარა, მთლიანობაში ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ არსებული დისბალანსი გამოსწორდეს. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ლარი, შესაძლოა, კიდევ უფრო დაეცეს, თუ, რა თქმა უნდა, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით სიტუაცია არ შეიცვლება. თუ მთავრობამ კონკრეტული მექანიზმები არ აამუშავა სიტუაციის გამოსასწორებლად, ლარის გონივრულ საზღვრებში დაჭერა ძალიან რთული იქნება", - დასძინა ონოფრიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო ხარჯვა დაბალანსებულია, ფისკალური კუთხით ლარს პრობლემა არ ექმნება, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-მდეა შემცირებული. ხადურის უწყებას ხაზინაში 800 მლნ-მდე ლარი აქვს ნაშთის სახით გაჩერებული, რათა კურსზე დამატებითი ზეწოლა არ მოხდეს.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"