"მეგობრული" ფასები ანაკლია-განმუხურში

წვიმიანი ამინდები ერთბაშად პაპანაქება სიცხეებმა შეცვალა და ტემპერატურის მატება მაშინვე დაეტყო ანაკლიასა და განმუხურს... შარშანდელთან შედარებით, წელს ზღვის სეზონი გვიან დაიწყო. ადგილობრივების თქმით, გასულ წელთან შედარებით, დამსვენებელი ბევრად ცოტაა, მაგრამ ფასები - "მეგობრული" და მისაღები... მათივე თქმით, საკურორტო ზონაში გამალებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ერთი თვით ადრე დაიჯავშნა ტერიტორიაზე არსებული ყველა ტიპის სასტუმრო, მათ შორის - საოჯახოც. მოსახლეობა დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობს, მაგრამ იმედი აქვთ, რომ აგვისტოში ვითარება გამოსწორდება.

მამუკა, ანაკლიის მცხოვრები:

- ახლახან დასრულდა გარე განათებების დამონტაჟება. ხელახლა გააკეთეს გზა, მოხაზეს, ხიდები გააკეთეს. მთელი გაზაფხულის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გამაყრუებელი ხმაური ისმოდა, მაგრამ ვინ ამოიღებდა ხმას? იმდენი იძახეს, - მორჩა, ანაკლია-განმუხურის განვითარება დაივიწყეთო, შიშით გული გვისკდებოდა. ძველებური ანაკლია რომ "დაბრუნდეს", ნამდვილად არ გვინდა. მთელი ზამთარი სიჩუმე იყო, - თითქოს არავის ახსოვდა აქაურობა. მხოლოდ ჟურნალისტები მოდიოდნენ, მოსეირნე ძროხებისა და ცხენების, აყრილი გზების, წაქცეული პალმებისა და საერთოდ, გაპარტახების პირას მისული ინფრასტრუქტურის შესახებ რომ დაეწერათ... მათ ბრძოლას ალბათ ჰქონდა აზრი, - ხანდახან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ინტერესდებოდა აქ არსებული ვითარებით... შარშან ხალხმა ვალები აიღო და სახლებში რემონტი გააკეთეს იმ იმედით, რომ ამ თანხას "კაზანტიპის" ფესტივალიდან ამოიღებდნენ, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ - სიძვირისა და არაორგანიზებულობის გამო, მეორე-მესამე დღეს, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები აჭარაში გაცვივდნენ. ხალხი კი, ბანკის ვალებით დარჩა. კიდევ კარგი, ბარაქიანი თხილის მოსავალი იყო, თორემ რა გვეშველებოდა, არ ვიცი.

- საოჯახო სასტუმრო გაქვთ?

- დიახ. ზედა სართულს მთლიანად დამსვენებლებს ვუთმობ. სანაპიროდან 200-300 მეტრის მანძილზე ვცხოვრობთ და ერთი ნომრის ფასი 50 ლარია, ორჯერადი კვებით. უკვე მყავს ჩემი მუდმივი დამსვენებლები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიან...

- როგორია წელს თხილის მოსავალი?

- შარშანდელთან შედარებით, მესამედია. გვიან გაზაფხულზე ამოვარდნლმა ცხელმა ქარმა ჩამოყარა. რაც დარჩა, უხარისხოა, - წვრილი გულით ან ცარიელი ნაჭუჭით...

- ანაკლია-განმუხურის მოსახლეობის მიმართ მუდმივად ისმის შენიშვნები, - მომსახურების დაბალი ხარისხი და მაღალი ტარიფები აქვთო...

- ტარიფებზე რა გითხრათ, შარშან კი იყო მაღალი, მაგრამ როგორც აგიხსენით, ხალხი სხვა რამეს ელოდა და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა... რაც შეეხება სერვისს, მუდმივად გვეუბნებიან, - თუ მომსახურების ხარისხს არ გააუმჯობესებთ, დამსვენებლები ოცნებად დაგრჩებათო, მაგრამ კომფორტის მოწყობა ასეთი ადვილი არ არის, ყველაფრის გაკეთება ჩვენი ხარჯით გვიწევს. ყველაზე ცუდი კანალიზაციის სისტემის არარსებობაა. წლების წინ, აქ იხსნებოდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც წყალი არ მოდიოდა და ჩვენთან, ოჯახებში რომ არ მოდიოდეს წყალი, რა გასაკვირია?.. მით უფრო, დაბალი ზონაა და გვალვის დროს, ჭები მალევე შრება... წელს ვეცადე და სველი წერტილების პრობლემა მოვაგვარეთ. სახლის კეთილმოწყობის გარდა, სხვა პრობლემებიც გვაქვს ოჯახში და ყველაფერს თხილის სეზონზე აღებული შემოსავლით ვერ გავწვდებით. დასაქმების პრობლემა ისევ არსებობს და სტაბილური ფინანსური შემოსავალი ბევრს არა აქვს. ბანკის ვალის აღება კი, მაღალი პროცენტის გამო, ძალიან სარისკოა. მარტო შემოდგომის შემოსავლის იმედზე ვერ იქნები. წელსაც გვქონდა თხილის იმედი, მაგრამ ბუნება მბრძანებელია და ერთ დღეში ძირს ჩამოყარა ყველაფერი. ცუდ დღეში ჩავარდა ის ხალხი, ვინც შარშან ვალი მომავალი წლის მოსავლის იმედად აიღო.

იხილეთ გაგრძელება