ქართული ღვინით დატვირთული მანქანებისთვის საბაჟოზე შექმნილი პრობლემა მოხსნილია

რუსეთში ექსპორტზე გასატან ქართული ღვინით დატვირთულ 3 მანქანასთან დაკავშირებით, რომლებიც საბაჟოზე შეაჩერეს, ამ დროისთვის პრობლემა მოხსნილია, - ამის შესახებ შპს "წინანდლის ძველი მარნის" დამფუძნებელმა ელდარ მილდიანმა განაცხადა. როგორც მილდიანმა განმარტა, გუშინწინ საღამოს რუსეთიდან იმპორტიორებმა დაურეკეს, რომ ღვინით დატვირთული 3 მანქანა საბაჟოზე იყო შეჩერებული. "დაგვირეკეს ჩვენმა პარტნიორებმა და გვითხრეს, რომ ეს მანქანები შეჩერებულები იყვნენ. გუშინ შუადღის მერე ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ უკვე ღვინო ჩვეულებრივ განაბაჟეს, მანქანები გაუშვეს", - განაცხადა მილდიანმა.

როგორც მილდიანმა აღნიშნა, მსგავს შეფერხებას აქამდე ადგილი არ ჰქონია, თუმცა "წინანდლის ძველი მარნის" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. "რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, არ მოერიდებოდათ და მანქანები უკან წამოვიდოდნენ. გზაშია კიდევ 2 მანქანა, დღესაც იტვირთება ახალი მანქანა და ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს", - განაცხადა მილდიანმა.