გიგა ბოკერია: ახალი ბაზრები უნდა ვიპოვოთ და რუსეთის ბაზართან დაკავშირებით ქართველი მეწარმეები აღარ მოვატყუოთ

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი ბაზრები და რუსეთის ბაზართან დაკავშირებით ქართველი მეწარმეები აღარ მოვატყუოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რუსეთმა ქართულ სურსათზე შესაძლოა, ემბარგო დააწესოს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის შეფასებით, რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და ემბარგოს გარეშეც კი ქართველი მეღვინეები უდიდესი საფრთხის წინაშე დგანან. "საქართველოს მთავრობას რუსეთთან ურთიერთობაში აბსოლუტურად გაუაზრებელი პოლიტიკა აქვს და ეს არის ყველაზე კორექტული შეფასება. ბოლო წლების განმავლობაში ისინი გვატყუებდნენ, რომ მოსკოვთან სიტუაციის დალაგების კუთხით აქვთ წარმატება და რუსეთის ბაზარს გვიხატავდნენ, როგორც ჩვენი ეკონომიკური აღმავლობის ერთადერთ გამოსავალს, მაგრამ დღეს ვითარება შემდეგია: რუსეთის ბაზრიდან არა მარტო ემბარგოს საფრთხე არსებობს, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ისე როგორც უკრაინა და მოლდოვა, არამედ რუსეთის ბაზარი თავისთავად არასტაბილურია მისი მთავრობის პოლიტიკის და ამ პოლიტიკიდან გამომდინარე დასავლეთის სანქციების გამო. ემბარგოს გარეშეც მცირდება იქ ქართული პროდუქციის ექსპორტი და უდიდესი საფრთხის წინაშე დგანან ქართველი მეწარმეები. ეს ყველაფერი გვაჩვენებს შემდეგს - ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი ბაზრები და აღარ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მეწარმეები", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელსაც ექნება ექსპორტის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ხედვა და კომპეტენცია.