საგზაო უსაფრთხოება - სახელმწიფოს აქილევსის ქუსლი?!

"სამწუხაროდ, დღეს არსებული რეალობა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან საგზაო უსაფრთხოების თემა იგნორირებულია"

რამდენიმე დღის წინ გრიგოლეთში მომხდარ ავარიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი შეეწირა, სოფელ მისაქციელთან სწრაფად მიმავალმა მანქანამ 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა, თემქაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი შეეწირა - ეს ბოლო ორ კვირაში საქართველოში მომხდარი ავარიების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა. ზაფხულის დადგომასთან ერთად ავარიების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. სპეციალიტები შექმნილ სიტუაცის საგანგაშოს უწოდებენ და სახელმწიფოს ქმედითი ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებენ.

საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, გახშირებული ავარიების ძირითადი მიზეზი გაუმართავი ტრანსპორტი, მძღოლების ცნობიერების დაბალი დონე, გადაჭარბებული სიჩქარე, გზებზე ნაკლებად ან თითქმის არარსებული ხელოვნური დამაბრკოლებელი ნიშნები და შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირებაა. ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა თბილისშიც. ახალი ამბავი არაა, რომ დედაქალაქში ქვეითად მოსიარულეს დიდი სიფრთხილე მართებს. მაშინაც კი, როცა შუქნიშანი ავტომანქანას ქვეითად მოსიარულესთვის გზის დათმობას ანიშნებს, გამორიცხული არ არის, რომელიმე მხრიდან მანქანა გამოვარდეს და გზა გადაგიჭრათ. ე.წ. ზებრა გადასასვლელები თბილისში ნაკლებად არის, მძღოლები კი მას რატომღაც ვერ ამჩნევენ. ამიტომ, მაღალია იმის ალბათობა, რომ ზებრაზე გადასვლისას მანქანამ გზა არ დაგითმოთ და გადაჭარბებული სიჩქარით სვლა განაგრძოს. სამწუხაროდ, ამის არაერთი მაგალითი ყოველდღე გვაქვს.

სატრანსპორტო საცობი, რომელსაც საშუალოზე დაბალი სიჩქარით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქმნის, ავტობუსების ქსელის არასრული დაფარვა, დაგვიანება, შუქნიშნების ნაკლებობა ან არარსებობა, სამთავრობო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურება, გრძელვადიანი გეგმების არარსებობა - ეს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგების მცირე ჩამონათვალია. "საქართველოს და თბილისის მერიას კვლავ უჭირთ სახელმწიფო და ადგილობრივი ტრანსპორტის განვითარების შეთანხმებული სტრატეგიის განსაზღვრა. ინსტიტუციონალური წყვეტა სატრანსპორტო სექტორში აბრკოლებს შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირებას. საქალაქთაშორისო დაკავშირება არ ექვემდებარება თბილისის მერიის საკანონმდებლო ბაზას და ქმნის ქაოსს ქალაქში, რისი მართვაც რთულია ქალაქის მთავრობის მხრიდან სამართლებრივი მექანიზმების სიმცირის გამო. საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოების სტანდარტები დაბალია. საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციები არსებობს, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. ამ რეგულაციების გატარება ნამდვილად გააუმჯობესებს უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს", - ნათქვამია ანგარიშში.

გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და საგზაო უსაფრთხოების აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი:

"პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის ქუჩებზე დღეს ომია! დღე არ გავა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე არ ემსხვერპლოს. რაც შეეხება ზაფხულში მომრავლებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ პერიოდში უფრო მეტი მოძრაობა ქალაქგარეთ არის. მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ. საპატრულო პოლიციის მხრიდან მეტი სიმკაცრეა საჭირო. სამწუხაროდ, სათანადო რეაგირება არ ხდება, კონკრეტულ ფაქტზე ძიება მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო შედეგი არ საჯაროვდება. მძღოლების ცნობიერება საკმაოდ დაბალია, ტრანსპორტი გაუმართავია. ეს ყველაფერი ერთად კი ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. ამ დრომდე დამტკიცებული არ არის საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის ამოქმედება დროული და აუცილებელია. აუცილებელია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია და ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება. თორემ გვეღუპება მომავალი, ავარიის დროს გარდაცვლილთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდები არიან. ადამიანური რესურსის დაკარგვის გარდა, მატერიალური დანახარჯიც დიდია. ერთი დაღუპულის უკან ხშირად 3-4 სული დგას. ცალკე თემაა ავარიის შედეგად დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ხშირად შრომისუუნაროები ხდებიან. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კოლოსალურ დანახარჯებს იწვევს. საგზაო უსაფრთხოების დარეგულირება უმნიშვნელოვანესია. ამ გზით შესაძლებელია სიკვდილიანობის შემცირება, ხოლო თანხების სხვა მიმართულებით წარმართვა. სამწუხაროდ, დღეს არსებული რეალობა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან საგზაო უსაფრთხოების თემა იგნორირებულია."

არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ტრამვაის" და თბილისის მერიასთან არსებული საგზაო-სატრანსპროტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი კახა მჭედლიძე ამბობს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თხოვნით თბილისის მერიას ბევრჯერ მიმართეს. თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია:

- არაერთ უცხოელ ტურისტს დაუჩივლია ჩემთან, რომ თბილისი ძალიან არამეგობრულია ქვეითად მოსიარულეების მიმართო. ტროტუარები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ე.წ. ზებრა გადასასვლელები არ არის, ხოლო სადაც არის, გადასვლა სახიფათოა. მძღოლები არათუ ზებრას, არამედ მასზედ გადამსვლელ ადამიანს ვერ ამჩნევენ. მერია და ხელისუფლება თუნდაც საინფორმაციო კამპანიის მოწყობას არ ცდილობს, რომ ამ გზით მძღოლების ინფორმირებულობა და შეგნების დონე აამაღლოს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი, შეჩვეულები არიან, რომ ზებრა გადასასვლელი ქვეითად მოსიარულეს ეკუთვნის და როგორც კი ფეხს დადგამს, ყველა მანქანა უსიტყვოდ უნდა გაჩერდეს. ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენი მძღოლები არაადეკვატურად იქცევიან.

- მერიის სატრანსპორტო სამსახურს სამოქმედო გეგმა ჯერაც არ აქვს, რატომ?

- ჯერჯერობით, გეგმა არ არსებობს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მერიაში პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ამასობაში კი დრო გადის. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირი საკადრო ცვლილებებიც საქმის კეთებას ხელს უშლის. ერთი დაიწყებს საქმეს, მერე ახალი კადრი მოვა, ის თავიდან დაიწყებს და ასე გრძელდება.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა და ამ ეტაპზე ის კონკრეტულ სამინისტროებს განსახილველად გაუგზავნეს. მათი რეკომენდაციების მოსმენის შემდგომ სტრატეგიის საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია იგეგმება. ამავდროულად, თბილისის მერიამ 2015-2020 წლების გარემოსდაცვითი სტრატეგია წარადგინა, სადაც საუბარია სატრანსპორტო პრობლემების აღმოფხვრის გზების შესახებ. ფაქტია, რომ რეკომენდაციები, გეგმები, მიზნები, ამოცანები საკმარისზე მეტი დაგროვდა. თუმცა, რეალური სურათი სხვა რამეს მეტყველებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2014 წელს ავტოავარიის შედეგად 511 ადამიანი გარდაიცვალა, 2013 წელს - 514, 2012 წელს - 605, 2011 წელს - 526, 2010 წელს - 685, 2009 წელს - 741, 2008 წელს კი - 867.

სალომე გოგოხია