ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი "ბათუმი 2015" ჩატარდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, 18-19 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი "ბათუმი 2015" ჩატარდება.

ღონისძიებას რეგიონის წამყვანი კომპანიები და სპეციალისტები დაესწრებიან. 2 დღის განმავლობაში მათ საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებისა და ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში უკვე ინვესტირებული პროექტების გაცნობის საშუალება ექნებათ. ფორუმი აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, დაფინანსებულ პროექტებს, მთავრობის საინვესტიციო წინადადებებსა და რეგიონის წარმატებულ კომპანიებს შეეხება.

ფორუმის "ბათუმი 2015" მიზანი აჭარის, როგორც საუკეთესო საინვესტიციო რეგიონის პოპულარიზაციაა. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში საქართველოსა და აჭარის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები, უცხოური და ადგილობრივი კომპანიები, სხვადასხვა ასოციაციები, სავაჭრო პალატისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები მიიღებენ მონაწილეობას.