2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ზედიზედ მესამე წელია, ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსი ლიდერობს.

2013-2014 წლებთან შედარებით, მსახიობის შემოსავალი 5 მილიონი დოლარით გაიზარდა და ჯამში 80 მილიონი დოლარი შეადგინა.

რეიტინგის მეორე ადგილზე მსახიობი ჯეკი ჩანი გავიდა, რომელმაც გასულ წელს 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმებსა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობის გარდა, ჯეკი ჩანის შემოსავალს საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის გაყიდვაც განაპირობებს.

ჯეკი ჩანს რამდენიმე მილიონი დოლარით ჩამორჩება "ფორსაჟის" ვარსკვლავი ვინ დიზელი, რომლის შემოსავალმაც 47 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ წელს კინოეკრანებზე გამოსული "ფორსაჟი 7"-ის შემოსავალმა კინოგაქირავებაში რეკორდული - 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბრედლი კუპერი - 41,5 მილიონი დოლარი და ადამ სანდლერი - 41 მილიონი დოლარით.

საერთო ჯამში, წლევანდელ რეიტინგს 12 ახალი მსახიობი შეემატა, რომელთაგან ხუთი ბოლივუდის ვარსკვლავია. სამი მათგანი კი პირველ ათეულში მოხვდა.